GE

ეუდაიმონია - ანუ სად მივყვართ მიზანს

27 აპრილი 2021

მივყავართ თუ არა მიზანს ყოველთვის სასურველ შედეგამდე, რაში გვჭირდება კონკრეტული მიზანი და მართლდება, თუ - არა იგი ყოველთვის მიზეზით?

არისტოტელე ტელეოლოგისტი ფილოსოფოსი გახლდათ. მის მიხედვით, ყოველი ობიექტისთვის არსებობს ის, რასაც საბოლოო მიზანი ჰქვია. ეს მიზანი ყოველი ახალი „კარის გასაღები“ და ახალი გზის დასაწყისია. იგი მთავარ მამოძრავებელ ძალად გადაიქცევა ხოლმე ადამიანთათვის.

არისტოტელე ადამინებს სხვა ცოცხალ არსებებზე მაღლა აყენებს, მხოლოდ ერთი მიზეზით - ისინი მოქმედებენ არა მხოლოდ ინსტინქტებით, არამედ გააზრებულად. ეს იმდენად დიდ განსხვავებას გვანახვებს ადამიანებსა და სხვა არსებებს შორის, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ადამიანებს ცუდისა და კარგის განსხვავების უნარი შესწევთ. რა არის კარგი და რა - ცუდი, ამის განსხავებას ადამიანები მთელი ცხოვრება ცდილობენ და სწავლობენ. ცდილობენ გაიგონ, არის თუ არა მათ მორალურ/ამორალურ (ანუ, მეორენაირად, კარგ ან ცუდ) საქციელსა და მიზნამდე მისასვლელ გზას შორის კავშირი. ამ ცუდისა და კარგის გამიჯვნის უნარი გვეხმარება იმაშიც, რომ განსხვავება დავინახვოთ კარგსა და უკეთესს შორის.

ვფიქრობ, ადამიანის ბუნება მიდრეკილია განვითარებისკენ. ამაში სწორედ ზემოთხსენებული უნარი ეხმარება. მიზანი სწორედ კარგიდან უკეთესისკენ სვლას გულისხმობს. ჩვენ, ადამიანები, შეიძლება ვაკეთებდეთ რაღაც საქმეს კარგად, მაგრამ ვხვდებოდეთ, რომ ეს საკმარისი არ არის. ბედნიერების, ანუ, მიზნის მიღწევისთვის ამ საქმის სრულყოფაა საჭირო.

მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ აქვს მნიშვნელობა, მისი მიზეზი კარგია, თუ - ცუდი, რადგან მიზანს მორალურ ჭრილში არ განვიხილავთ. მთავარია მიზნის არსებობა და მისკენ სავალი გზა. მაგრამ შეიძლება სწორედ ამ გზაზე აღმოვაჩინოთ ის, რომ მორალურმა (კარგმა) საქციელმა  კატალიზატორის როლი კი შეასრულა მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

კარგისა და ცუდის განხვავების საფუძველზე მახსენდება კარლო კოლოდის წიგნი - „პინოქიოს თავგადასავალი. ხის თოჯინას ამბავი“, რომლის მთავარი გმირი - პინოქიო, ხის თოჯინა, ცდილობს, ნამდვილ ბიჭუნად გადაიქცეს. ეს სწორედ ის მიზანია, რომელსაც პინოქიო, ყველაფრის მიუხედავად, დაისახავს. იგი თავის მამას,  პაპა კარლოს, ისე უყვარს, როგორც, ალბათ, თავისი ნამდვილი შვილი ეყვარებოდა. უნდა, რომ მასთან ერთად გაატაროს მთელი დღე, ასწავლოს პინოქიოს, როგორ მოიქცეს ნამდვილი ბიჭუნასავით. პინოქიოს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ხის თოჯინადაც ბედნიერი ყოფილიყო. ბიჭად გახდომისთვის მხოლოდ რამდენიმე პირობის შესრულება იყო საჭირო: მას არ უნდა ეცრუა, უნდა ყოფილიყო მამაცი და უანგარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ბიჭობად გახდომის ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა. სწორედ ამიტომ, პინოქიო იწყებს კარგსა და ცუდზე ფიქრს, მათ გამიჯვნას და თავისი საქციელის სწორედ ამ ორი ცნებით განსაზღვრას. მისი სურვილი იმდენად დიდია, რომ დიდი შრომის შედეგად სასურველ მიზანს მიაღწევს და ნამდვილ ბიჭად იქცევა.

რა იყო პინოქიოსთვის მთავარი მიზეზი და გაამართლა თუ არა ამ მიზეზმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე? მთავარი ისაა, რომ პინოქიო(ადამიანების მსგავსად) ხვდებოდა, რომ მისი ამგვარი ცხოვრება ცუდი სულაც არ არის, ის ყველას უყვარს, ცხოვრობს, როგორც ნამდვილი ბიჭი, თუმცა კარგი ცხოვრება სრულყოფილს სულაც არ ნიშნავს. სრულყოფისთვის პინოქიოს ბიჭად გახდომა სჭირდებოდა, რაც მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. ამ გზაზე კი მან კარგისა და ცუდის განსხვავება, კომპრომისებზე წასვლა ისწავლა, რაც მთავარი კატალიზატორი გამოდგა ბიჭად გახდომი საქმეში.

გამოდის, რომ კარგად გაკეთებული საქმე საუკეთესოს არ ნიშნავს, ხოლო ადამიანი სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ განიცდის, როცა კონკრეტულ საქმეში უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს. მიზანი კი სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად გვეხმარება ამ გრძნობის განცდის საქმეში.