GE

ფერეიდნული

28 ნოემბერი 2013

შესწავლის ისტორია

ფერეიდნულ დიალექტს უწოდებენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონში მცხოვრები ქართველების მეტყველებას.

ისტორიული წყაროების მიხედვით მათი წინაპრები დაახლოებით ოთხასი წლის წინ გადაუსახლებიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: ერწო-თიანეთიდან, კახეთ-ქიზიყისა და დღევანდელი საინგილოს ტერიტორიიდან. გარდა ფერეიდნის რეგიონისა, ქართველები ჩაასახლეს ირანის სხვადასხვა კუთხეში (ხორასანი, მაზანდარანი, ქურთისტანი, ლურისტანი), თუმცა ფერეიდნელთა გარდა ქართული ყველას დავიწყებული აქვს.
ფერეიდანი მდებარეობს ირანის ცენტრალურ მთიანეთში, ბახთიარიის მთებში, ქალაქ ისპაჰანიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე. ფერეიდნელი ქართველები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ სრულ იზოლაციაში ქართული გარემოსგან. ქართული ენისაგან სიშორემ, სპარსულმა ენობრივმა გარემომ ქართველების მეტყველებას განსაკუთრებული კვალი დააჩნია.

მათ შესახებ პირველი ცნობები მოგვაწოდეს ინგლისელმა მეცნიერმა პ. ლეიარდმა (1840 წ.), ლადო აღნიაშვილმა (1894–1896 წ.), პავლე ლორთქიფანიძემ (1976 წ.), ამბაკო ჭელიძემ (1927 წ.). 1944 წელს ირაკლი კანდელაკმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ფერეიდნელი ქართველების შესახებ; 1969 წელს კი გამოვიდა გურამ პატარაიას დოკუმენტური ფილმი „შორია გურჯისტანამდე". 1979 წელს დაიბეჭდა ზურაბ შარაშენიძის წიგნი „ფერეიდნელი გურჯები."
დღეს ფერეიდანში 5000–მდე ქართულად მოლაპარაკე ქართველია. ქართველებით დასახლებული სოფლებია: სიბაქი (ვაშლოვანი), ჩუღრუთი, ჯაყჯაყი, ხუნგი, დაშქესანა, ბოინი, თოლელი, აფუსი (ამ სოფელში თითქმის დავიწყებული აქვთ ქართული), ახჩა. რაიონული ცენტრია ფერეუდუნშაჰრი (მარტყოფი).

ფერეიდნული მეტყველება არ არის ერთგვაროვანი, სოფლის ენობრივ თავისებურებათა გათვალისწინების საფუძველზე გამოიყო ზემო და ქვემო ფერეიდნული (დ. ჩხუბიანიშვილი).

ფერეიდნიდან ბევრი ქართველი გადასულია საცხოვრებლად ქალაქ ნაჯაფაბადში, ისპაჰანში, თეირანში, მათ დიდ ნაწილს ისევ აქვს კავშირი ფერეიდანთან და საოჯახო ენადაც ქართული შეუნარჩუნებიათ.
ფერეიდნელ ქართველთაგან პირველი იოთამა ონიკაშვილი იყო, რომელიც მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ეწვია საქართველოს, ხოლო საუკუნის მიწურულს ყოლამ-რეზა ონიკაშვილი და ყოლამ-ჰოსეინ ონიკაშვილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სეიფოლა-ხან იოსელიანის – ფერეიდნელთა თავკაცის ჩამოსვლას (1922-23 წ.). ფერეიდნული მეტყველების ნიმუშების პირველი პუბლიკაციები სწორედ მასთან არის დაკავშირებული (არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია).

1972-73 წლებში მაგალი თოდუამ ირანში სამეცნიერო მივლინების დროს ჩაიწერა მათი მეტყველების ნიმუშები და გამოაქვეყნა მაია მაჭავარიანთან ერთად ("ქართულ-სპარსული ეტიუდები", III, 1975 წ.). ფერეიდნული კილოს ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურის ზოგიერთ საკითხს მიუძღვნეს წერილები ირანისტებმა თ. ჩხეიძემ და თ. ჭავჭავაძემ...

ფერეიდნულის შესწავლისათვის უკეთესი პირობები შეიქმნა ფერეიდნელთა მცირე ნაწილის რეპატრიაციის შემდეგ საქართველოში (1972 წ.). 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებასთან შეიქმნა კომპლექსური ექსპედიცია, რომელმაც მიზნად დაისახა ფერეიდნელ ქართველთა შესწავლა ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ლინგვისტური, სოციოლოგიური და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. ქართველოლოგების თ. უთურგაიძის, დ. ჩხუბიანიშვილისა და ირანისტ ჯ. გიუნაშვილის მუშაობა ჩამოსახლებულ ფერეიდნელებთან სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა.

1997 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იყვნენ და ფერეიდნული ტექსტები ჩაიწერეს დარეჯან ჩხუბიანიშვილმა, თედო უთურგაიძემ და ჯემშიდ გიუნაშვილმა. მათვე ეკუთვნით არაერთი პუბლიკაცია ფერეიდნული დიალექტის შესახებ.
2008, 2009 წლებში ფერეიდანში ტექსტები და ლექსიკური მასალა ჩაიწერეს მარინა ბერიძემ, გიორგი ცოცანიძემ, ლია ბაკურაძემ და რუსუდან რამიშვილმა, ხოლო 2012-2014 წლებში პროექტის „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" მიხედვით _ მარინა ბერიძემ და ლია ბაკურაძემ. ტექსტები განთავსებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში". (ტექსტების ნახვა)

ფერეიდნულის ელექტრონილი ლექსიკონი

პროექტის „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" მიხედვით მომზადდა ფერეიდნულის ელექტრონული ლექსიკონი.

ელექტრონული ლექსიკონი ემყარება ყველა არსებულ პუბლიკაციასა და გამოკვლევას, გამოყენებულია პროექტის ფარგლებში ექსპედიციებზე მოპოვებული მასალა და ახალი ლექსიკა. ლექსიკონი შეადგინეს მარინა ბერიძემ და ლია ბაკურაძემ. ამ ეტაპზე ლექსიკონში წარმოდგენილია 4611 სალექსიკონო ერთეული (ლემა).

ლექსიკონი ინტეგრირებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში" (შემოკლებით ქდკ, ავტორები: მ. ბერიძე, დ. ნადარაია).

ლექსიკონით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სპეციალისტებს, ასევე ენით დაინტერესებულ პირებს.

ლექსიკონის გამოყენების წესი

ლექსიკონის ნახვა