ფიზიკის სკოლის პროფესორების პროექტმა გრანტი მოიგო
28 ნოემბერი 2016
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორმა პროფესორმა, სკოლის დეკანმა ვაჟა ბერეჟიანმა და ამავე სკოლის კოორდინატორმა ზაზა ოსმანოვმა გაიმარჯვეს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევა“.
პროექტის ძირითადი პერსონალი შედგება ოთხი მკვლევარისგან. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი არის პოლონეთის ზელონა გორას უნივერსიტეტის პრორექტორი მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორი გიორგი მელიქიძე, ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან - ზაზა ოსმანოვი, პროექტის მენეჯერი - ვაჟა ბერეჟიანი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ლადო ლაბაძე.
პროექტი, „ბრუნვის რელატივისტური ეფექტები და არაწრფივი პლაზმური მოვლენები მბრუნავ სისტემებში“ გულისხმობს ისეთი ეგზოტიკური ობიექტების კვლევას, როგორებიც არიან სუპერგიგანტური შავი ხვრელები, პულსარები, ორმაგი ვარსკვლავები და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება არა მარტო მაგისტრანტების ჩართვა, არამედ პირველი ეტაპისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტების, გიორგი ჭანტურიას და გიორგი ბახტაძის, ხოლო მომდევნო ეტაპზე სხვა ბაკალავრების ჩართვაც, რომელთა ნაწილიც უკვე ჩართულია ანალოგიურ კვლევაში.