GE

ფიზიკის სკოლის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან

07 აგვისტო 2015

10 აგვისტოს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ფიზიკოს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPS) გაემგზავრებიან. კონფერენციას წელს ხორვატიის დედაქალაქი უმასპინძლებს. თაკო მეშველიანი, გიორგი ჭანტურია, ლევან იაშვილი, ირაკლი ლომიძე, საბა ხარაბაძე და არჩილ საყევარაშვილი ზაგრებში იმავე მოხსენებებით წარსდგებიან სამეცნიერო საზოგადოების წინაშე, რომლებითაც თავისუფალი უნივერსიტეტის კონფერენციაში გაიმარჯვეს.

ICPS-ზე საქართველოს სწორედ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისინი ლოკალურ კომიტეტად ჩამოყალიბდებიან. ამიერიდან IAPS-ის არჩევნებში ჩვენს სტუდენტებს ხმის უფლება ექნებათ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას.

ახალგაზრდა ფიზიკოს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მოქმედი და მომავალი მეცნიერების შეკრების ადგილია. მასში მონაწილეობით თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ამყარებენ კონტაქტებს ცნობილ მეცნიერებთან და მათ თანატოლ ფიზიკოსებთან. იძენენ დიდ გამოცდილებას. ICPS-ი მათთვის ერთგვარი ტრამპლინია დიდ კვლევებში ჩასართავად.

ჩვენი სტუდენტები ICPS-ზე შემდეგი მოხსენებებით წარსდგებიან:

ლევან იაშვილი - „ნაწილაკის დინამიკა AdS სივრცეში"
გიორგი ჭანტურია - „სტაციონარული ტალღები პლაზმაში"
არჩილ საყევარაშვილი - „არამდგრადობები მზის გვირგვინის ამოტყორცნილ მასაში"
საბა ხარაბაძე - „SP1 სიმეტრიების დაკვანტვა"
ირაკლი ლომიძე - „სისხლის პლაზმის პროტეინების შესწავლა მიკროკალორიმეტრული მეთოდით".