ფიზიკის სკოლის სტუდენტის სტატია Physics of Plasmas-ში
13 ივლისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო სკოლის სტუდენტის, გიორგი ჭანტურიას სტატია დაიბეჭდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში Physics of Plasmas.
სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში სხვადასხვა ქვეყნიდან წაკითხვების ჯამურმა რაოდენობამ გადააჭარბა 240-ს, რაც არა მხოლოდ საბაკალავრო სკოლის სტუდენტისთვის, ზოგადად მეცნიერებისთვის კარგი მაჩვენებელია ამ მოკლე დროში.
სამყაროს შესახებ ინფორმაციას კაცობრიობა კოსმოსიდან მოსული გამოსხივების საშუალებით ღებულობს. ამ გამოსხივების უმნიშვნელოვანესი წილი კი რენტგენის და უმძლავრეს გამა სპექტრზე მოდის. ნაშრომში ნაჩვენებია, ერთი შეხედვით თითქოს უცნაური მოვლენა: რომ თუ ასეთი მძლავრი გამოსხივება გენერირდება და ვრცელდება ზემკვრივ (გადაგვარებულ) გარემოში (მაგ. თეთრი ჯუჯა, პულსარი, გამა-ბარსტერები), მაშინ გარემო ისეთივე რეაგირებას მოახდენს როგორც არაგადაგვარებული დაბალი სიმკვრივის პლაზმა და ასტროფიზიკურ მონაცემთა დამუშავებისას ეს ეფექტი სავარაუდოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.
ასევე გიორგიმ სადიპლომო ნაშრომად სწორედ ეს სტატია წარმოადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაშრომი შეფასებულია არამარტო თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორების მიერ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდანაც.
აღსანიშნავია, რომ გიორგი თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდანვე ჩაერთო ფიზიკის სკოლაში წარმოებულ კვლევებში. ფიზიკის სკოლის დეკანმა, ვაჟა ბერეჟიანმა მას ამოცანის ძირითადი იდეა შესთავაზა, რომელიც, მსოფლიოში ბევრ მეცნიერს გამორჩა და რომლის საფუძველზეც გიორგიმ განახორციელა აღნიშნული კვლევა.