GE

გამოფენა - Tabula Rasa

30 აპრილი 2019

გამოფენის ხამგრძლივობა: 4.05. – 29.06.2019

ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზო, რუსთაველის გამზირი 3

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ხელოვანი და დიპლომატია. ის 2009 – 2013 წლებში იყო საქართველოს  ელჩი გერმანიაში. ამჟამად კი თბილისის თავისუფალი უნივერსტეტის პროფესორია. დიპლომატის ფუნქციებთან ერთად, მან მიზნად დაისახა საქართველოს საერთაშორისო პროფილისა და პოპულარიზაციის ზრდა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე.  გამოფენა ეძღვნება გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის  ოცწლიან მოღვაწეობას საქართველოში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში წარმოდგენილია ხელოვანის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული შვიდი აბსტრაქტული ქანდაკება. ფონ ჰაბსბურგი, ძირითადად უჟანგავი ფოლადის მასალით მუშაობს და ამ მედიუმში შესრულებული გეომეტრიული ფორმების სხვადასხვა ვარიაციაში განლაგებით ქმნის თავისი ნამუშევრების ვიზუალურ ენას.

გამოფენაში მასთან ერთად მონაწილეობს  VA[A]DS-ის ოთხი სტუდენტი (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა): გიორგი გელაძე, გიორგი ვარდიაშვილი, სალომე ჩიგილაშვილი და ლიზა ცინდელიანი. როგორც გამოფენის კატალოგში ამერიკელი კრიტიკოსი სოლ ანტონი აღნიშნავს, “ერთი შეხედვით აშკარაა რომ მიუნხენელ ხელოვანს არ უცდია, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე სახელოვნებო სივრცეში, სტუდენტებს მისი ესთეტიური არჩევანი და ფასეულობები გადაეღოთ და გაევრცელებინათ.”

გამოფენა Tabula Rasa  იკვლევს პარალელებს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგისა და სტუდენტების ნამუშევრებს შორის. ხელოვანისათვის საქართველო არის ქვეყანა საკუთარი, განსხვავებული სახელოვნებო იდენტობით, რომელიც  დამოუკიდებელია დასავლური ხელოვნების კონტექსტისგან  და სადაც მას შესაძლებლობა ეძლევა შექმნას ნამუშევრები ამ “სუფთა ფურცელზე”. ფონ ჰაბსბურგის მსგავსად გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ შემოქმედებით ცხოვრებას, იმპულსებს  ყოველდღიური გარემოსაგან იღებენ  და არ  განიცდიან წინამორბედ შემოქმედთა გავლენას.

გამოფენისათვის სალომე ჩიგილაშვილმა შექმნა სამგანზომილებიანი ინსტალაცია საუნდით; ლიზა ცინდელიანის ფოლადის სკულპტურა ეხმიანება მუზეუმის ეზოს სივრცეს. გიორგი ვარდიაშვილმა ხარაჩოებისგან ტრიუმფალური თაღი ააწყო, რომელიც სამშენებლო ბადითაა შეფუთული; ხოლო გიორგი გელაძემ სამშენებლო მასალით ბანერის მასალაზე დახატვით შექმნა ნამუშევარი.

გამოფენაზე არსებული ქანდაკებების გარდა, საქართველოში განთავსებულია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის სამი სკულპტურა. ყველაზე მასშტაბურია თბილისში, ყოფილი პრეზიდენტის სასახლის წინ არსებული ქანდაკება. მეორე ნამუშევარი მზიურში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში დგას, ხოლო მესამე  -  ქანდაკებათა პარკში, შავი ზღვის საპორტო ქალაქ ფოთში. 

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევრები გამოფენილია შემდეგ მუზეუმებში:

Museum Schloß Mochental, Museum Meiningen, Schlosspavillon Ismaning and Diözesan Museum Freising, ასევე Biennale Internationale Donna-ზე ტრიესტში, იტალიაში.

კუნსტჰალე თბილისი მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და თანამედროვე ხელოვნების კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დააარსეს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული  ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართველი არტისტების მსოფლიოსათვის გაცნობას.