GE

განცხადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ

30 ოქტომბერი 2015

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი და ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" 16 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ. პროექტი ეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დებულებებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი დადებითად აფასებენ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესის ცვლილებას, რომლითაც კანდიდატთა რაოდენობა იზრდება, თუმცა აცხადებენ, რომ მომზადებული ცვლილებები მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, რომელიც ხელს შეუშლის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, სრულფასოვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, ისე რომ არ დაირღვეს მართლმსაჯულების პრინციპები.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა მარტივი ვერდიქტის ნაცვლად მსაჯულებისთვის 6 პუნქტიანი კითხვარის შემოღება, რომელთა განსაზღვრაც სპეციალურ პროფესიულ ცოდნას საჭიროებს. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულებს გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება მათთვის ძალიან რთულად გასაგები კითხვარის გამო. ასევე, ბუნდოვანია, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის გასაჩივრების პროცესი, ვინაიდან, ვერდიქტის გამოტანისას არ განიმარტება ის მტკიცებულებები, რომელსაც ის ეყრდნობა. შესაბამისად, გაურკვეველია როგორ გასაჩივრდება გადაწყვეტილება.

საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, უქმდება ნაფიცი მსაჯულობის გამომრიცხავი პროფესიული საფუძვლები. კერძოდ, შესაძლებელი გახდება იურისტისთვის, პოლიციელისთვის, გამომძიებლისთვის, ფსიქიატრისთვის და ფსიქოლოგისთვის სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა. აღნიშნული უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუტს ეფექტურობასა და ლეგიტიმურობაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი გამოხატავენ მზადყოფნას დეტალურად წარმოადგინონ კანონპროექტის ანალიზი ხელისუფლების ან/და სხვა მხარეების დაინტერესების შემთხვევაში.

იხილეთ განცხადება