GE

გუგა მიქაბერიძე აშშ-დან

27 ოქტომბერი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) პირველ-მეორე კურსზე მივხვდი, რომ მაინც ფიზიკის კაცი ვარ, თუმცა პროგრამირება კარგი ინსტრუმენტია ფიზიკისთვის. ჰოდა გადავწყვიტე, რომ ორივე ფაკულტეტზე მესწავლა. აწმყო ასეთია: ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, ანოსთან ერთად კალიფორნიაში. ანომაც თავისუფალი უნივერსიტეტი დაამთავრდა და აქ ნეირომეცნიერების ლაბორატორიაში მუშაობს. მე ფიზიკის დოქტურანტურაში ვსწავლობ.

წერა დიდად არ მეხერხება და სამწუხაროდ, არც დრო მაქვს ბევრი. ამიტომ ორი სიტყვით მოგიყვებით აქაურობის შესახებ: პირველი და აუცილებლად სათქმელი ისაა, რომ უნივერსიტეტში შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო, ყველა ოთახში, კაბინეტში ხალხი რაღაც საინტერესოზე მუშაობს და ავტომატურად შენც გინდება საქმის კეთება. ამას ისიც ემატება, რომ საქმეც საინტერესოა: კვლევა, რომელშიც მე ვმონაწილეობ, შეისწავლის ძალიან შორეულ ასტრონომიულ ობიექტებს - გალაქტიკების კლასტერებს. ეს არის ძალიან მასიური ობიექტები, რომლებიც ფარდობითობის თეორიის თანახმად, ამრუდებს სივრცეს. როდესაც სინათლის სხივი ამ გამრუდებულ სივრცეში გაივლის, მისი ტრაექტორიაც მრუდდება, ანუ კლასტერები ლინზის ფუნქციას ასრულებს. ამიტომ გალაქტიკები, რომლებიც კლასტერის უკანაა, ჩვენგან გადიდებული ჩანს. ჩვენი კვლევის იდეაა, რომ შევქმნათ ამ კლასტერის მოდელი და შემდეგ გამოვიყენოთ ის როგორც ტელესკოპის ნაწილი. შედეგი იქნება ის, რომ მოვახერხებთ გავიხედოთ ბევრად უფრო შორს, ვიდრე ეს სხვა მეთოდებითაა შესაძლებელი.

კვლევა კიდევ უფრო საინტერესო გამოჩნდება, როცა გეტყვით, რომ სინათლეს ძალიან, ძალიან დიდი დრო სჭირდება ამ შორეული გალაქტიკებიდან ჩვენამდე მოსასვლელად. ზოგ შემთხვევაში ის სინათლე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გამოსხივდა სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე, როდესაც გალაქტიკები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ამიტომ ის სურათი, რომელსაც ლინზის გავლით ვხედავთ, არის სურათი შორეული წარსულიდან, და ამ მეთოდით შესაძლებელი ხდება გალაქტიკების ჩამოყალიბების ისტორიაზე დაკვირვება.
გეგმები ასეთია: მე და ანო დავიცავთ თითო სადოქტოროს და სავარაუდოდ თითო პოსტდოკსაც გავაკეთებთ. მერე დავბრუნდებით საქართველოში და ალბათ თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასაც აქტიურად გავაგრძელებთ."

გუგამ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა, შემდეგ, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა. ამჟამად სწავლობს კალიფორნიის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე.