GE

გუგა მიქაბერიძის მორიგი წარმატება!

01 სექტემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო სკოლის სტუდენტის, გუგა მიქაბერიძის ნაშრომი ჟურნალმა Physics Letters A გამოაქვეყნა.

სამეცნიერო სტატიაზე  "Standing electromagnetic solitons in degenerate relativistic plasmas" გუგა ფიზიკის სკოლის დეკანთან, პროფესორ ვაჟა ბერეჟიანთან ერთად მუშაობდა.

მსოფლიოს მთელ რიგ წამყვან სამეცნიერო ცენტრებში წარმატებით დაიწო ოპერირება რენტგენის ლაზერებმა. ლაზერები ასხივებენ ულტრამოკლე იმპულსებს, რომელთა ტალღის სიგრძე უკვე ნანომეტრის რიგისაა.

ასეთ გამოსხივებას კი შეუძლია შეაღწიოს და გავრცელდეს თუნდაც ისეთ ზემკვრივ გარემოებში, რომელთა სიმკვრივე მილიონჯერ მეტია ვიდრე ალმასის კრისტალისა.

ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ზემკვრივ გარემოში ელექტრონები ქმნიან სრულიად გადაგვარებულ რელატივისტურ ფერმი გაზს. ასეთ გაზთან მძლავრი რენტგენის გამოსხივების ურთიერთქმედებისას ყალიბდება ელექტრომაგნიტური მდგრადი სოლიტონური ამონახსნი.

ამონახსნებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ლაბორატორიულ თერმობირთვული სინთეზის დანადგარებში ასევე ასტროფიზიკაში, კერძოდ თეთრი ჯუჯების გამოსხივების თავისებურებების ახსნაში.

ეს ზედიზედ მეორე შემთხვეაა, როცა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო სკოლის სტუდენტის ნაშრომს მსოფლიოს მაღალტირაჟიანი გამოცემა აქვეყნებს.

რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ირაკლი გუდავაძის სამეცნიერო სტატიაც, რომელზეც ირაკლიმ ფიზიკის სკოლის პროფესორთან, ზაზა ოსმანოვთან ერთად იმუშავა.