ჰომოსექსუალიზმი და თომა აკვინელის ბუნებითი სამართალი
27 აპრილი 2021
ბუნებითი სამართალი თომა აკვინელის მიერ შექმნილი ეთიკისა და ფილოსოფიის თეორია, რომლის ცენტრალური იდეაც ქმედების მორალურობის განსასაზღვრად აგენტის თანდაყოლილ ბუნებას იყენებს. ბუნებითი სამართლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ცხოვრების „მახასიათებლები“, რომლებიც ქმნის ნორმებსა და სტანდარტებს მისივე სასიკეთოდ. ბუნებითი სამართალი არ აწესებს კონკრეტულ წესებს, რომლებიც დროითი და სივრცითი მონაკვეთების მიხედვით შესაძლოა იცვლებოდეს. თომა აკვინელისთვის ადამიანის რაციონალური ბუნება ისეა მოწყობილი, რომ იგი მიდრეკილია კეთილდღეობისკენ და ცდილობს, თავიდან აირიდოს ყველაფერი საწინააღმდეგო. იგი ბუნებით სამართალში გამოყოფს რამდენიმე ძირითად კეთილდღეობას, რომლისკენაც ადამიანები უნდა ისწრაფოდნენ: სიცოცხლე, შთამომავლობა, სოციალური ცხოვრება, ცოდნა, ღმერთის წვდომის სურვილი, ოჯახი, ქორწინება და ა.შ. ადამიანების ქმედებას რაციონალურობა განაპირობებს და სწორედ მასთან მიმართებით განისაზღვრება ქმედების მორალურობაც, ყველაფერი, რაც არაბუნებრივია ამავდროულად არამორალურიცაა.
სწორედ ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრა თომა აკვინელმა ჰომოსექსუალიზმის პრაქტიკის ამორალურობა, რადგან იგი ეწინააღმდეგება ყველა ცხოველისთვის დამახასიათებელ ჰეტეროსექსუალურ სექსუალურ კავშირს. ბუნებითი სამართლის მიხედვით სექსუალობის ეს კონკრეტული ასპექტი დაწვრილებით არ არის განხილული, თუმცა თომა აკვინელი ერთგვარ საერთო მონახაზს ქმნის სექსუალურ ცხოვრებასთან მიმართებით და ამორალურად მიიჩნევს ნებისმიერი ტიპის სექსუალურ აქტივობას ქორწინების ფარგლებს გარეთ. იმისათვის, რომ ჰომოსექსუალიზმი თომა აკვინელის ბუნებითი სამართლის ლინზით განვიხილოთ, საჭიროა განვსაზღვროთ, რა მიმართება აქვს ამ ცნებას ზემოთჩამოთვლილ ძირითად კეთილდღეობებთან. უპირველესად, გასათვალისწინებელია, რომ თუ ბუნებითი სამართალში ცენტრალური ცნება ადამიანის თანდაყოლილი ბუნებრივი მახასიათებლებია, როგორ განისაზღვრება არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი განპირობებული მხოლოდ ბიოლოგიური და არა სოციალურ-კულტურული ფაქტორებით? თუ ყოველ ადამიანს საკუთარი გონიერება უბიძგებს ქმედებისკენ, მაშინ რატომ არ შეიძლება ჰომოსექსუალიზმი უბრალოდ უნივერსალური ადამიანური ბუნების ერთ-ერთი ჩვეულებრივ გამოვლინებად აღიქმებოდეს? გარდა ამისა, საკითხის განხილვისას შესაძლოა უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ, თუ რატომაა ოჯახი დასახელებული ძირითად კეთილდღეობებში. ოჯახის კონცეფციას არ აქვს თავისთავადი ღირებულება, მას კეთილდღეობას ის ეფექტები აქცევს, რომლებიც ოჯახის შექმნას უძღვის წინ და, ამავდროულად, მოსდევს თან: სიყვარული, შთამომავლობა, მეგობრობა, მხარდაჭერა და ა.შ. ასეთ დროს ჰიპოთეტურ შემთხვევად შეგვიძლია მოვიაზროთ დაქორწინებული წყვილი, რომელსაც შვილის გაჩენა არ შეუძლია რაიმე ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ჩაითვლება თუ არა ბუნებითი სამართლის მიხედვით, რომ ისინი ესწრაფვიან ძირითად კეთილდღეობას და მორალურად იქცევიან საკუთარ ურთიერთობაში? თუ დავუშვებთ, რომ ზემოაღნიშნული წყვილი ოჯახის პოზიტიურობაში მოაზრებულ ყველა სიკეთეს იღებს, თუმცა ვერ ტოვებს შთამომავლობას ობიექტური მიზეზების გამო, მაშინ რატომ არ შეიძლება მათ გაუთანაბრდეს ჰომოსექსუალთა წყვილი, რომელსაც შვილი არ ჰყავს/ ან არ ჰყავს ბუნებრივი გზით? აქ, ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ითვლება ქორწინების მთავარ ასპექტად, თუ ამად შთამომავლობის შექმნასა და აღზრდას მოვიაზრებთ, მაშინ გამოვა, რომ უშვილო ქორწინებებს (მაშინაც კი თუ ეს სურვილით არაა გამოწვეული) არანაირი ღირებულება არ აქვს. თუ განსახილველ საკითხს მივუსადაგებთ თანამედროვეობას, როდესაც საკუთარი სექსუალური იდენტობის განსაზღვრა უფრო მეტად გახდა შესაძლებელი, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად კეთილდღეობას- ოჯახს- ჰომოსექსუალიზმის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ხშირად უფრო ვნებს, ვიდრე თვითონ ჰომოსექსუალიზმი. გარდა ამისა, თომა აკვინელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალურ ცხოვრებას, რომლის ინტეგრალურობასა და სტაბილურობას ცხადად აზიანებს დაპირისპირება, რომელსაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იწვევს.
ამრიგად, იმის მიუხედავად, რომ თომა აკვინელი თვითონ ამორალურად მიიჩნევდა ჰომოსექსუალიზმს, ვფიქრობ, ბუნებითი სამართლის იდეასთან იგი კატეგორიულ წინააღმდეგობაში არ მოდის.