ინგილოური
28 ნოემბერი 2013
შესწავლის ისტორია
X-XVII საუკუნემდე საინგილო ჰერეთის (XVII საუკუნეში კახეთ-ჰერეთის) შემადგენლობაში შედიოდა. XVIII საუკუნეში ჩნდება ტერმინი "ინგილო". შესაბამისად, ინგილოთა სამოსახლოს ეწოდა "საინგილო". ვარაუდობენ, რომ "ინგილო" მიღებულია ძველი თურქული ფორმიდან (yangili – yangilo "ახალი-ახალმორჯულებული"). თავდაპირველად "ინგილო" სოციალური შინაარსის ცნება იყო და არა ეთნიკური.
დროთა განმავლობაში საინგილო ერთიანად მოსწყდა კახეთის სამეფოს. კახეთის მეფეების ცდა, გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათლისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
ბელაქნის რაიონში ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ სოფელ ითითალაში, ზაქათალის რაიონში კი სოფ. ალიაბადსა და მოსულში. კახის რაიონში ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ როგორც ქ. კახში, აგრეთვე მის სოფლებში: კახინგილო, კახისთავი, ქოთოქლო, ალიბეგლო, ალათემური, მეშაბაში, ყარამეშა, პატარაბინა, ხარაბთალა, ქოშხუთანი.
2002 წლის აღწერის მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების რიცხვი 14 877 შეადგენს, თუმცა არაოფიციალურად მათი რაოდენობა 20 ათასს აღემატება.
საქართველოში ინგილოურ დიალექტზე მეტყველებს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური დევნის გამო კახის რაიონის სოფელ ყორაღნიდან 1920-იან წლებში იძულებით გადმოასახლეს.
ინგილოური დიალექტი იყოფა კაკურ და ალიაბათურ კილოკავებად. სახელწოდება შერქმეულია სოფლების _ კაკი (რომელსაც XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კახი ეწოდება) და ალიაბათი _ მიხედვით. კაკურში გამოიყოფა ალიბეგლოური თქმა, ხოლო ალიაბათური იყოფა ალიაბათის, მოსულისა და ითითალის თქმებად. კილოკავებსა და თქმებს შორის დიდი განსხვავებაა. ეს ვლინდება ფონეტიკაში, მორფოლოგიაში, სინტაქსსა და ლექსიკაში (გ. იმნაიშვილი).
საინგილოს (ჰერეთის) შესახებ ცნობები გვხვდება ძველ ისტორიულ წყაროებსა და მოგზაურების ჩანაწერებში. 1896 წელს დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წიგნი "ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი". ამ წიგნს დამატების სახით ერთვის კაკ-ენისელში შეკრებილი მასალები. ხოლო 1913 წელს ამავე ავტორის ნაშრომი "საინგილო" ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით დაიბეჭდა ("ძველი საქართველო", ტ. II, განყ. IV, ეთნოგრაფია, გვ. 51-276). "საინგილოში" წარმოდგენილია როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე ინგილოური დიალექტის ლინგვისტური ანალიზი და ლექსიკონი. სხვადასხვა დროს ინგილოურ დიალექტზე მუშაობდნენ: გრიგოლ იმნაიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, ბესარიონ ჯორბენაძე, შოთა ძიძიგური, როგნედა ღამბაშიძე, ნათელა როსტიაშვილი.
1961 წელს ი. გიგინეიშვილის, ვ. თოფურიასა და ი. ქავთარაძის რედაქტორობით სხვა დიალექტურ ტექსტებთან ერთად დაიბეჭდა ინგილოური ტექსტები.
1982-1988 წლებში ვასილ აბაშვილმა საინგილოში ჩაიწერა დიალექტური ტექსტები, რომელიც გამოსაცემად მოამზადეს მარინა ბერიძემ და მაია ბარიხაშვილმა. ვ. აბაშვილის ტექსტები ინგილოური დიალექტის ენობრივ მიმოხილვასთან ერთად დაიბეჭდა 2009 წელს.
2005, 2007, 2012 წლებში ინგილოური ტექსტები და ლექსიკური მასალა ჩაიწერეს მარინა ბერიძემ, ნარგიზა სურმავამ, მაია ბარიხაშვილმა და ელენე ნაპირელმა. ეს მასალა განთავსებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში" (ტექსტების ნახვა)
ინგილოურის ელექტრონული ლექსიკონი
პროექტის „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" მიხედვით მომზადდა ინგილოურის ელექტრონული ლექსიკონი. ძირითად ლექსიკოგრაფიულ წყაროს წარმოადგენს როგნედა ღამბაშიძისა და ნათელა როსტიაშვილის ლექსიკონები; ასევე ჯანაშვილის, ედილის, იმნაიშვილის, აბაშვილის და სხვათა შრომებსა და ტექსტებში განხილული და დადასტურებული მასალა, აგრეთვე 1935 წელს საინგილოში მოპოვებული შინამრეწველობის მასალები.
ელექტრონული ლექსიკონი შეადგინეს მარინა ბერიძემ და მაია ბარიხაშვილმა. ამ ეტაპზე ლექსიკონში შეტანილია 11021 სალექსიკონო ერთეული (ლემა).
ლექსიკონი ინტეგრირებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში" (შემოკლებით ქდკ, ავტორები: მ. ბერიძე, დ. ნადარაია).
ლექსიკონით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სპეციალისტებს, ასევე ენით დაინტერესებულ პირებს.