GE

კამპუსში იაპონური კულტურის ფესტივალი ჩატარდა

26 სექტემბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების დარბაზში ჩატარდა იაპონური კულტურის ფესტივალი აზიისა და აფრიკის იაპონური მიმართულების ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში, იაპონიის საელჩოს მოწვევით, გაიმართა ტრადიციული იაპონური ნიღბების თეატრი "ნო"–ს წარმოდგენა, მოწვეული იაპონელი მსახიობების შესრულებით.

იაპონური ნიღბების თეატრი ნო 600–ზე მეტი წლის ისტორიას ითვლის, შუასაუკუნეებში ის წარმოადგენდა იაპონელი სამურაების საყვარელ სანახაობას და შესაბამისად მე–14 საუკუნის პირველი ნახევრიდან მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე სარგებლობდა სამურაების ფენის განსაკუთრებული მფარველობით. მე-19 საუკუნიდან, იაპონიაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ და სამურაების პოლიტიკური მმართველობის დასრულებასთან ერთად თეატრი ნო–ს ტრადიცია დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე, თუმცა მეოცე საუკუნის პირველი წლებიდან თეატრი სარგებლობდა იაპონიის ახალი მთავრობის მფარველობით, რამაც ხელი შეუწყო ამ თეატრალური სანახაობის ტრადიციის გაგრძელებას.

თეატრის მსახიობები ამ პროფესიას ტრადიციულად ფლობენ შთამომავლობით. მსახიობები საკუთარი პროფესიის შესწავლას იწყებენ ძალიან ადრეული ასაკიდან და უწყვეტად გადასცემენ ამ ხელვნებას საკუთარ შთამომავლობას. მასაიუკი ფუჯიი, თეატრის დასის ხელმძღვანელი, რომელიც იყო მოწვეული არტისტი ფესტივალზე, არის მე–14–ე თაობის მსახიობი.

თეატრი ნო აღიარებულია იუნესკოს მიერ, მსოფლიოს ხელშეუხებელ კულტურულ მემკვიდრეობად.