კამპუსში პროგრამის CPPA პრეზენტაცია გაიმართა
10 მარტი 2015
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში საჯარო პოლიტიკის ანალიზის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავისუფალი, აგარარული და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტები ერთობლივად განახორციელებენ.
პროგრამა CPPA (Certified Public Policy Analyst) აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
პრეზენტაციას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე რიჩარდ ნეიდერი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურანლ ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმოხილვის წამყვანი რედაქტორი ჯონ იშიამა, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვატო ლეჟავა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე დაესწრნენ.
პროგრამას სემესტრში 15 პროფესიონალი გაივლის.
კურსის მიზანი მეცნიერებისთვის, საჯარო მოხელეებისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კვლევის თანამედროვე მეთოდების შესწავლაა.
განიხილება ხარისხობრივი კვლევის მეთოდები. ასევე Policy Memo-ს წერის ტექნიკა.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები განახორციელებენ დამოუკიდებელ კვლევას და წარადგენენ საკუთარ ნაშრომს თემატურ კონფერენციებზე. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მიიღებენ ქართულ-ამერიკულ სერტიფიკატს.
საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები დაჯილდოვდებიან სტიპენდიით და მიეცემათ თემატურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
პროგრამა სამ წელს გასტანს და ჯამში მას ექვსი ჯგუფი გაივლის.