GE

„კანონი იცავს ძარცვას“- ფრედერიკ ბასტია

09 მაისი 2021

იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანები ერთ ტერიტორიაზე დასახლდნენ, მათ გაუჩნდათ იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებულიყვნენ. ჩამოეყალიბებინათ ერთგვარი კონცეფცია, რომელიც მოაწესრიგებდა საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და უზრუნველჰყოფდა ჰარმონიულ, არაძალადობრივ ცხოვრების წესს. ამ ერთობლივ დათქმას, შეთანხმებას შეიძლება კანონი ვუწოდოთ. ერთი შეხედვით, კანონი პოზიტიური კონცეფციია, რადგან ის გვიცავს საფრთხისგან და წესრიგში მოჰყავს ადამიანების ცხოვრება. თუმცა, გამომდიანრე იქიდან, რომ ადამიანებმა კანონების ჩამოყალიბებისთვის მიმართეს ხელისუფლებას, აპარატს, რომელიც აკონტროლებს მთლიან მოსახლებას, სწორედ მათზე გადავიდა მთელი რიგი პასუხისმგებლობა, რომ სამართლიანი გარემო შეექმნათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. თუმცა პასუხიმსგებლობის გადაბარებით ადამიანებს ცხადია უნდა გადაეხადათ ერთგვარი საზღაური, რაც, სამწუხაროდ, თავისუფლება აღმოჩნდა. სწორედ ამ ქმედებამ გამოიწვია ის, რომ კანონს სხვადასხვანაირი განამრტება მიენიჭა და ისეთ იარაღად იქცა, რომლსაც მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების გავრცელება შეუძლია.

კანონს უარყოფით კონცეფციად აქცევს არასწორი განმარტებები. ფრედერიკ ბასტია აზრით, ბევრი მიიჩნევს კანონის დანიშნულებად სამართლიანობის გამეფებას, რაც არასწორია. იგი აზუსტებს, რომ კანონის მიზანი ის კი არაა, რომ შექმნას სამართლიანი გარემო, არამედ ის, რომ აიცილოს უსამართლობის გამეფება. ერთი შეხედვით, ამ ორ ცნებას, რომ კანონი სამართლიანობის გამეფებას ან უსამართლობის ხელშეშლის საშუალებაა, ერთი და იგივეა. თუმცა სწორედ აქ უშვებს უმრავლესობა დიდ შეცდომას, იმას, რომ ვერ განასხვავებენ სამართლიანობასა და უსამართლობას. ბასტია ამბობს: „უსამართლობაა ის და არა სამართლიანობა, რაც თავისით არსებობს. სამართლიანობა მიიღწევა მაშინ, როდესაც უსამართლობა, ბოროტება არ იარსებებს“. ბოროტება თვითმყოფადია რის გამოც სწორედ ადამიანებმა უნდა იბრძოლონ და დაამარცხონ სიკეთის, სამართლიანობის საშუალებით. მაშინ იქნება კანონიც პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილი. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ასე ვერ ხდება და ხშირად იქცევა კანონი ძარცვის საშუალებად.  ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანებმა გარკვეული დარღვევის დროს უნდა აირჩიონ ან მორალური ან კანონიერი გზა. თუმცა ეს მათ ხელს უშლის მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, ირაციონალურობა სძლევთ და საბოლოოდ აშორებთ მთავარ იდეასთან, უზრუნველჰყონ უსამართლობის დამარცხება.

სამწუხაროდ, აქ ერთვება მეორე ძალა, ხელისუფლება, რეჟიმი, რომლის ხელშიცაა კანონები, რომ ადამიანების არარაციონალურობით ისარგებლოს და მათზე მანიპულირება მოახდინოს სწორედ კანონის სახელით. ამ ძალის საშუალებით შესაძლებელი ხდება, რომ კანონები ძარცვის საშუალებად აქციონ და ამას ადამიანები არა თუ ეწინაღმდეგებიან, არამედ თავად ხდებიან მონაწილეები. აღნიშნული იდეა წესით გასაკვირია და ისმება კითხვა, რატომ უწყობენ ადამიანები იმას ხელს, რომ კანონი ნეგატიურ, ბოროტების ხელშემწყობი საშუალება გახადონ. აქ მგონია, რომ წმინდად მონაწილეობს საზოგადოებაში რამდენიმე ადამიანის მხრიდან გამორჩენის, სარგებლის მიღების სურვილი. რის ფონზეც ივიწყებენ იმას, რომ კანონის გაუკუღმართებას უწყობენ ხელს. ეს რომ უფრო ცხადი გავხადოთ მოვიყვან მაგალითს სახელმწიფოს პროტექციონისტული პოლიტიკიდან. ტარიფების დაწესება იმპორტულ საქონელზე ერთ-ერთი გავრცელებული პროტექციონისტული პოლიტიკის სახეობაა. ამ უკანასკნელს უარყოფითი ზეგავლენა აქვს ეკონომიკაზე, რადგან ზღუდავს ბაზარს, კონკურენციას და საბოლოოდ სავალალო მდგომარეობაში აგდებს ეკონომიკას. თუმცა ამის მიუხედავად ამ კანონს უმეტესობა არ ეწინააღმდეგება. ეს შეიძლება აიხსნას კოლექტიური ქმედების ლოგიკით, იმით, რომ გარკვეულ პატარა სოციუმში სარგებელი კონცენტრირდება და იმპორტზე დაწესებული ბაჟი პირდაპირ აცილებს ძლიერ, უცხოურ კონკურენტებს. ამის გამო ისინი ქირაობენ ლობისტებს, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და კანონებზე მათთვის სასარგებლო ზემოქმედება იქონიონ. ცხადია ამით მოსახლეობა ერთგვარად მსხვერპლია, რადგან ეზრდებათ დანახარჯები, თუმცა ცოტათი და უკვე როცა დიდ მასებზე გაფანტულია, შესამჩნევად ნეგატიურ მხარედაც არ აღიქმება. ამ მაგალითში ცხადად ჩანს, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს დაკანონებული ძარცვა სახელმწიფოში. ბასტია ამბობს, რომ „დაკანონებული ძარცვა ნაწილობრივ დამყარებულია ყალბ ფილანტროპიაზე“. სწორედ ამ ნარატივით მოქმედებს მოყვანილ მაგალითშიც პროტეციონისტი ხელისუფლება, რომ საზოგადოების სასარგებლოდ, თითქოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის გაწეული დახმარებაა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. თუმცა ამ ვითომ კეთილი, სამართლიანი ქმედების უკან უდიდესი ბოროტება, უსამართლობა, კორუფცია დგას. ამ უკანასკნელს ისევ და ისევ ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც კანონიერებას უმნიშვნელოვანეს საზოგადოების მოსაწესრიგებლ იარაღად მიიჩნევენ.