კატეგორიული იმპერატივის რელატიური ხასიათი
02 აპრილი 2021
კანტის მიერ ეთიკაში შემოტანილი კატეგორიული იმპერატივის ცნება დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ დისკუსიის საგნად აკადემიურ თუ არააკადემიურ სივრცეში. ადამიანი, როგორც სოციალური არსება, საჭიროებს ეთიკურ საფუძველს, რომელსაც იგი დაეყრდნობა ცხოვრებაში და გადაწყვეტილებებს სწორედ მის მიხედვით მიიღებს. მაგრამ ეთიკური ბაზისი კანტისათვის ძალიან მყარი უნდა იყოს, შესასრულებლად აუცილებელი ანუ მას იმპერატიული ხასიათი უნდა გააჩნდეს. კატეგორიული იმპერატივი, როგორც თავად სიტყვებიდანაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ, არ სცნობს იმ ფაქტს, თუ რა რელიგიისა ან მაგალითად პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი, ყოველივე ამისგან დამოუკიდებლად, განსაზღვრეული ზნეობრივი წანამძღვრები აუცილებლად უნდა იქნეს დაცული. კანტი ცდილობს თავისი ეთიკური თეორია დააფუძნობს ადამიანის შინაგან ბუნებაზე დაყრდნობით და მისი ამოსავალ წერტილად რაიმე სხვა აბსტრაქტულს არ მოიაზრებს.
კატეგორიული იმპერატივი თავისი არსით ვალდებულებებს უყენებს ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში. ამოსავალ წერტილად მიჩნეულია ადამიანის რაციონალური ბუნება, რომელიც კარნახობს თავად ადამიანს იმპერატიულად გამყარებულ ეთიკურ ქცევას და მის სავალდებულო ხასიათსაც სწორედ ადამიანის რაციონალურობა წარმოშობს. თუმცა ვალდებულება არ არის მხოლოდ საკმარისი, რათა პრაქტიკაში მსგავსი ეთიკური ქმედება განახორციელოს ადამიანმა. თუ არ არსებობს ნება, რომელიც უბიძგებს გონიერ არსებას ვალდებულების შესრულებისაკენ, მაშინ ვალდებულების არსებობას მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატეგორიული იმპერატივის მიერ დაწესებული ვალდებულებების შესრულების უნარი ადამიანს იმიტომ შესწევს, რომ მას თანდაყოლილი ნება გააჩნია. შესაბამისად, თუ არ არსებობს ნება, მაშინ ადამიანში მსგავსი ეთიკური ბაზისი უფუნქციო იქნება.
რამდენადაც კანტი სავსებით მწყობრ და თანმიმდევრულ ეთიკურ თეორიას გვთავაზობს, როგორც აღვნიშნე, იგი თვლის, რომ კატეგორიულ იმპერატივს უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მიუხედავად რელიგიისა თუ სხვა იდეოლოგიაზე მიკუთვნებულობისა. სწორედ აქ ჩანს ამ მორალური თეორიის შეცდომა. ადამიანები და საზოგადოებები ოპერირებენ სხვადასხვა კულტურებში, სოციალურ ვითარებებსა თუ ისტორიულ პერიოდებში, შესაბამისად ღირებულებათა და ეთიკურ მოძღვრებათა ცვალებადობა ბუნებრივი პროცესია. გარემო, რომელშიც ადამიანი ყალიბდება, როგორც სოციალური არსება, მასზე და მის აზროვნებასა თუ მორალური განსჯაზე ზეგავლენას ახდეს. შესაბამისად, ყველანი მოერგონ ერთ მორალურ მაქსიმას თუ ეთიკურ ბაზისს შეუძლებელი პირობაა. როდესაც ვმსჯელობთ ამათუიმ ხალხისა თუ ერების აზროვნების სტილზე ან ეთიკაზე, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რომელშიც იქმნებოდა ეს ყოველივე და შეფასება მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს.
ამდენად, კანტის მიერ აღნიშნული კატეგორიული იმპერატივის აბსოლუტური მახასიათებლები ყოველთვის არ იქნება მსგავსი ხასიათის და გარკვეულ ვითარებაში იგი, როგორც რელატიური, ისე შეიძლება წარმოჩინდეს. შესაბამისად, კატეგორიული იმპერატივი განსჯისა და განხილვის საგნად თავად შეიძლება იქცეს. კრიტიკის ხაზი კატეგორიული იმპერატივის მიმართ მის აბსტრაქტულობაზეც შეიძლება გავიდეს, რადგან იგი ზუსტად არ გვაძლევს იმ ცოდნას, თუ კონკრეტულ სიტუაციებში როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა, ვფიქორობ, რომ ეს ამ თეორიის “სიძლიერეს” უფრო უსვამს ხაზს, რადგან იგი ყოველ კონკრეტულ სიტუაციას თვლის, როგორც რაღაც ახალს, რაც ადამიანის განსჯას უნდა დაექვემდებაროს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც პრაქტიკაში კატეგორიული იმპერატივი გაატარებს.