GE

კავკასია, კონფლიქტი, კულტურა

22 აგვისტო 2016

DAAD-ის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მარბურგის უნივერსიტეტის ხელშეწყობით უკვე მეხუთე წელია საქართველოში ტარდება სამეცნიერო სასწავლო კვლევითი პროექტი "კავკასია, კონფლიქტი, კულტურა." პროექტში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ გერმანელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი სტუდენტები, ლექტორები, რომელთა თანამშრომლობითაც ტარდება ეთნოგრაფიულ-ანთროპოლოგიური კვლევები. წელს პროექტში მონაწილეობა მიიღეს თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა თამთა ხალვაშმა, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა: სალომე იაკობიშვილმა, მარიამ კიპაროიძემ და მაკა დემურიშვილმა. კვლევითი პროექტის თემა იყო "სადავო რელიგიური სივრცეები აჭარაში," რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ჩაატარეს ხუთდღიანი საველე-ეთნოგრაფიული კვლევები, ხოლო ლექტორებმა წაიკითხეს ლექციათა ციკლი ქალაქისა და იდენტობის შესახებ. მონაწილეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი და იკვლევდნენ მათთვის საინტერესო საკითხებს. უფრო დეტალურად თავად სალომე, მარიამი და მაკა ისაუბრებენ პროექტის შესახებ.

- რას ეხებოდა უშუალოდ თქვენი ჯგუფის კვლევა?

სალომე: მე და მარიამი ერთ ჯგუფში ვმუშაობდით. ჩვენ თავდაპირდველად გვაინტერესებდა აჭარელ მუსლიმთა იდენტობა, მაგრამ კვლევის პროცესმა თავად მოგვცა ბიძგი, რომ ყურადღება უფრო მეტად გაგვემახვილებინა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელ ბათუმელ მუსლიმებსა და იმ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი თვითიდენტიფიკაციისათვის. კვლევის საბოლოო კითხვა გახდა: In Between : The Meaning of Being Young Muslim In Batumi" (ზღვარზე: რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა მუსლიმი ბათუმში).

მაკა: ჩემი ჯგუფი კვლევას ატარებდა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტზე ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ჯოჭოში, სადაც ცხოვრობენ ქრისტიანებიცადა მუსლიმებიც. სოფელში ჩასვლამდე გვქონდა მოლოდინი, რომ მოსახლეობას შორის იქნებოდა კონფლიქტი რელიგიის სხვადასხვაობის გამო და სწორედ ამაზე ვგეგმავდით კვლევის ჩატარებას, მაგრამ სრულიად განსხვავებული სურათი დაგვხვდა: არავითარი დაძაბულობა. ამგვარი დამოკიდებულების გამო ჩვენი საკვლევი საკითხი შეიცვალა.უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ჩემი ჯგუფის კვლევაში კონფლიქტი აღარ ფიგურირებდა, მაგრამ სხვა ჯგუფებმა დაძაბულობის სხვდასხვაგვარი გამოვლინება აღმოაჩინეს.

- გაეცით თქვენს საკვლევ კითხვებს პასუხი? რა დაადგინეთ კვლევის შედეგად?

მარიამი: ჩვენს საკვლევ კითხვაზე ზოგადი და საყოველთაო პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ის, თუ რა აყალიბებს იდენტობას, ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, თუმცა ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ოთხი ფაქტორი, რომლებსაც ყველა რეპოდენტი ახსენებდა: პირადი ურთიერთობები, შინაგანი და გარეგანი კონფლიქტები, ისლამის რეალიზება საჯარო სივრცეებში და ბათუმში მცხოვრები თურქები.

მაკა: კვლევის პროცესში მრავალი საინტერესო საკითხი წამოიჭრა. მაგალითად, ბირჟის ფენომენი. ჯოჭოში ბირჟა ისეთი ადგილია, სადაც შეკრებილი საზოგადოება ივიწყებს საკუთარ რელიგიურ იდენტობას და ურთიერთობისას მას მნიშვნელობას არ ანიჭებს. ახლო წრეებსა და ოჯახში, სამეგობროშიც სრულიად იშლება რელიგიური საზღვრები. ასევე საინტერესო იყო ის, რომ მუსლიმებისთვის ნაციონალური იდენტობის შემადგენელი ნაწილი რელიგია არ არის, ქრისტიანებისთვის კი პირიქით, რელიგია ნაციონალურ იდენტობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს-ვარ ქართველი, ვარ ქრისტიანი. აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი საინტერესო ტრადიცია, რომელიც ხელს უწყობს სოფელში მშვიდობის შენარჩუნებას.

- პროქტში მონაწილეობისას და კვლევის პროცესში თუ დაგეხმარათ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარები?

სალომე: კი, ნამდვილად გამომადგა განსაკუთრებით პოლიტიკურ ანთროპოლოგიასა და სოციალური კვლევის მეთოდებში ნასწავლი მასალა. ეს ცოდნა რომ არა, კვლევა ვერ ჩატარდებოდა სწორად და ვერც რეალურ, ობიექტურ სურათს გვიჩვენებდა.

- რა გამოცდილება მიიღეთ ამ პროექტიდან და თუ აპირებთ, რომ ამ მხრივ, ანთროპოლოგიის სფეროში გააგრძელოთ მოღვაწეობა?

სალომე: პროექტის ფარგლებში აჭარლებზე მივიღე ის ინფორმაცია, რომელზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ვცხოვრობ. გარდა ამისა, დაინტერესებული ვარ ე.წ Border studies-ზე სწავლის გაგრძელებით და პროექტში საშუალება მომეცა, შევხვედროდი მაგისტრებს, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ და მათგან საკმაოდ კარგი ინფორმაცია მივიღე.

მარიამი: ამ პროექტის დამსახურებით ახლა გარემოს სხვანაირად აღვიქვამ, ვაკვირდები, აქამდე ამგვარად არასდროს მიფიქრია. მივხვდი იმას, რომ საზოგადოებაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს საკუთარი მიზეზი აქვს და უბრალოდ, უმიზეზოდ არავითარი შედეგი არ დგება. პროექტმა გარემოზე ყურადღებოთ დაკვირვება და სხვა თვალით შეხედვა მასწავლა.

მაკა: უნივერსიტეტში პოლიტიკური და სოციალური ინთროპოლოგიის გავლისას მივხვდი, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებს და მინდოდა მას გავყოლოდი, მაგრამ ბოლო დროს ეჭვი შემეპარა მის პერსპექტიულობასა და ასევე იმაში, თუ რამდენად კარგად გავართმევდი თავს მკვლევრის, ანთროპოლოგის საქმიანობას. პროექტმა ჩამახედა შიდა სამზარეულოში და მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც ნამდვილად მინდა მუშაობა.

ინტერვიუ მოამზადა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტმა, ქეთი მერებაშვილმა.