GE

კახა ბენდუქიძე უკრაინაში რეფორმების ეროვნულ საბჭოს დაეხმარება

15 სექტემბერი 2014

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება დაიწყო. რეფორმების ეროვნული საბჭო რეფორმების კოორდინაციისთვის იქმნება და მას უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შედიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საკვანძო მინისტრები.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფში მოწვეული არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცნობილი რეფორმატორები - ვალდას დომბროვსკისი (ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2009-2013 წელი), ლეშეკ ბალცეროვიჩი (პოლონეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი 1989-1991 წლებში, ეროვნული ბანკის თავმჯომარე 2001-2007 წლებში), ივან მიკლოში (სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი 2004-2006 წლებში) და კახა ბენდუქიძე.

რეფორმების ეროვნული საბჭოს უახლოესი ამოცანაა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეიმუშავოს უკრაინის განვითარების სტრატეგია 2020 წლამდე.

კახა ბენდუქიძე დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენუკს შეხვდა, ხვალ კი შეხვედრებს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში გამართავს.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიწვევის მიზეზი სწორედ მისი მდიდარი გამოცდილებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეფორმირების კუთხით.

კახა ბენდუქიძე უკრაინის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრად რჩება, რომელიც მაისში კანადის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა.