კეთილშობილური ტყუილი როგორც ცეცხლი - განათებს, მაგრამ გწვავს
19 აპრილი 2021
“The truth may hurt for a little while, but a lie hurts forever”
რენე დეკარტი კოგიტოსკენ მიმავალ ურთულეს გზაზე, ერთხელ მაინც შეფერხდა. იმის გააზრება, რომ ყველაფერი გონების ფიქცია, ერთი დიდი ტყუილია, ურთულესი აღმოჩნდა, განვლილი ცხოვრების განმავლობაში სჯეროდა, რომ ჰქონდა სხეული, ჰყავდა მშობლები, სწავლობდა სასურველს, იცნობდა ხალხს... სიყალბის გაცნობიერების შემდეგ იფიქრა, ასეთ ცხოვრებას, ცოდნისა და ილუზიებისგან დაცლილ არსებობას, იქნებ ტყუილში ბედნიერი ყოფა ჯობდაო. ანალოგიურად რთულ სიტუაციაზე საუბრობს ალბერ კამიუც, რომლის მიხედვით, ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ რასაც აქამდე ეწეოდა ყველაფერი აბსურდულია, მის უკან არსებული სამყარო არარეალურია იმდენად, რამდენადაც მხოლოდ თეატრის დეკორაციაა. ცოტახნით ჩვენც რომ დავფიქრდეთ და ეს ყველაფერი განვაზოგადოთ, იქნებ ასეთი ტყუილი, ტყუილი, რომლის მთავარი ორიენტირი არა რაიმე ამორალური, ვინმესთვის რამის დაშავებაა, არამედ, უწყინარი მისიით შემოიფარგლება, ადამიანს ერთგვარ თავშესაფარს სთავაზობს, მართლაც გამართლებული, მისაღები და საჭიროც კია. დეკარტსა და კანტს რომ მოვეტყუებინეთ, თუმცაღა ვერ ვეზიარებოდით მათეულ საყოველთაო ჭეშმარიტებებს, მაგრამ ჩვეულ, კომფორტულ ატმოსფეროს შეგვინარჩუნებდნენ...
ვიდრე პასუხამდე მივიდოდეთ, ჩვენი მსჯელობა უფრო მარტივი და ნათლად აღსაქმელი რომ გახდეს, განვიხილოთ კეთილშობილური ტყუილის ნაწილობრივ განსხვავებული კიდევ ერთი პატარა მაგალითი, რომელსაც შემდეგში განვავრცობთ და უფრო ფართომასშტაბიან კანონზომიერებას მოვარგებთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის უახლოეს ადამიანს ექმიმმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვა, ფაქტობრივად, მისი დღეები დათვლილია, მან ამის შესახებ არ იცის და თქვენ დგახართ ერთობ დილემის წინაშე: უთხრათ მას და ის დღეებიც დაუმძიმოთ თუ მოიტყუოთ, თითქოს განსაკურებული არაფერი მომხდარა და შეძლებისდაგვარად გაუფერადოთ დარჩენილი დრო. მოსჯილი პასუხისმგებლობა, დაკისრებული ტვირთი, მართლაც, მძიმეა, სიტუაცია უაღრესად რთულია, დიდია ალბათობა იმისა, რომ არ ეტყვით, მაქსიმალურად იზრუნებთ მის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. ერთი შეხედვით, ეს ერთადერთი გამოსავალია, ის დამძიმებამდე მაინც ვერაფერს გაიგებს და, რომ გაიგებს გვიან იქნება, ვერ მოასწრებს საკუთარი მდგომარეობის წესიერად გააზრებას და, სულ მცირე, ამ თემაზე ნერვიულობის გარეშე, შეძლებისდაგვარად უზრუნველად დატოვებს აქაურობას, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც კანტი იტყოდა, თქვენ მას ჭეშმარიტებაზე წვდომის უფლებას შეუზღუდავთ, რაც, როგორც კატეგორიული იმპერატივის ნაწილი, უნივერსალურია ყველა ადამიანისთვის, რა იდეოლოგიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს მისი გონება. არავინ იცის, რას იზამდა ის ადამიანი, სიკვდილის მოახლოვების შესახებ რომ სცოდნოდა, იქნებ ამ თუნდაც მცირე დროში რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას დაგეგმავდა, იქნებ არსებობდა რაღაცები, რის მოგვარებასაც ისურვებდა გარდაცვალებამდე, რის გარეშე ამ ქვეყნიდან წასვლა არ ენდომებოდა, თქვენ ეს, მართალია, თქვენი გადმოსახედიდან, უფრო დიდი სარგებლის მოპოვებისთვის, მაგრამ შეუზღუდეთ. შესაძლოა, ბედნიერების შენარჩუნების მიზნით უფრო სავალალო შედეგამდე მიიყვანოთ.
ამასთან, კანტის გაგებით, ტყუილის აკრძალვა უნივერსალურია, ჩვენთვის სიცრუე მიუღებელი, ამორალურია. ამის წამკითხავი, თქვენ, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ რა მოხდება თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერთჯერადად შევუზღუდავთ ჩვენთვის ძვირფასს ადამიანს სიმართლეზე წვდომის უფლებას, განა რას დააკლებს იშვიათი გამონაკლისი ტყუილის აკრძალვის მძლავრ მექანიზმს როგორც მთელს? ამ მოსაზრების საპირისპიროდ მოვიყვან პოლიტიკური არჩევნების მაგალითს, რომ დავაკვირდეთ ალბათობა იმისა, რომ ჩემმა, როგორც რიგითი მოქალაქის, ხმამ შეცვალოს არჩევნების შედეგები არის, დაახლოებით, 0.001%, რაც, ზემოაღნიშნული თეორიის მიხედვით, საშუალებას მაძლევს, გვერდზე გავწიო ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, უარი განვაცხადო არჩევნებში მონაწილეობაზე, ძვირფასი დრო ჩავანაცვლო სხვა უფრო სარგებლის მომტანი ბედნიერებებით: ვნახო მეგობრები, წავიკითხო წიგნები ან სულაც დავიძინო, ბოლო დროს ასე რომ შემომაკლდა. მაგრამ რეალურად ზუსტად ამ მიდგომას მივყავრათ ფატალურ შედეგებამდე, ჩემნაირად იმეტყველებს ყველა და, საბოლოოდ, დესტრუქციული რღვევის სახით ჩამოიშლება მთელი საარჩევნო სისტემა, რომელზედაც ასე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. დღეს თუ კეთილი ნებით მოვატყუე ის, ხვალ მე აღვმოჩნდები ტყუილის მსხვერპლი, თუ უფრო განვაზოგადებთ, ფართო მასებს მოვარგებთ და შორეული პერსპექტივიდან მოვიაზრებთ, სამშვიდობო სიცრუეს სისტემატიური სახე მიეცემა, ნელ-ნელა „კეთილი ნების“ ცნებაც გაფართოვდება და ბოლო საფეხურზე ეგოისტური, მანკიერი ტყუილიც შეინიღბება...
ასეთი ცვლილებებისგან თავის დაზღვევისთვის კი, საბოლოოდ, მაინც ერთ რაციონალურ წერტილში ვიკრიბებით, ისევ კანტისეულ მსჯელობას ვუბრუნდები და მივდივარ დასკვნამდე, რომ როგორი ტკბილი, კომფორტუილიც არ უნდა იყოს ტყუილი, როგორი კეთილი ნებაც არ უნდა ამოძრავებდეს მას, თუ ერთხმად შევჯერდით მის ამორალურობაზე, წესების ბოლომდე დაცვა გვმართებს, გამონაკლისს თუ ჯერ არსებობის და შემდეგ გავრცელების საშუალება მიეცემა, ბოლოს ის გახდება კანონზომიერი, ჩვენი მშვიდობიანი ზრახვის მიზეზით აბსოლუტურ უკუღმართობას, არეულობასა და ქაოსს მივიღებთ.