GE

კლიენტთა კონსულტირების ეროვნულ შეჯიბრში თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

04 თებერვალი 2020

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა ყოველწლიური შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში. შეჯიბრში მონაწილეობდა 5 გუნდი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს შემდეგ უნივერსიტეტებს: კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

შეჯიბრის პირველ დღეს ჩატარებული თამაშების შედეგად, ფინალში გადავიდა საუკეთესო შედეგის მქონე 3 გუნდი. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი - MAT Associates:

- ლაშა მაჭავარიანი;
- ლიზა ანასაშვილი;
- ელენე წკრიალაშვილი.

 

გუნდს ხელმძღვანელობდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, ქეთევან მესხიშვილი. შეჯიბრის საუკეთესო ადვოკატი კი გახდა ლაშა მაჭავარიანი.

ფინალში მეორე ადგილი დაიკავა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა.

შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 15-18 აპრილს, ფლორიდაში, აშშ.

კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრი ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.