კონკურსის გამარჯვებულები ჰააგაში გაემგზავრნენ
16 ნოემბერი 2015
აბიტურიენტთა კონკურსის "დანაშაული და სამართალი" გამარჯვებულები, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველკურსელები ქეთევან გორდეზიანი და თამაზ ჭარელაშვილი, სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორ დავით ზედელაშვილთან ერთად ეწვივნენ ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში განთავსებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალებს.
ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში სტუდენტები დაესწრნენ რატკო მლადიჩის წინააღმდეგ საქმის განხილვას, რის შემდეგაც ტრიბუნალის პროკურორის ოფისის წარმომადგენელი სტუდენტებს ესაუბრა ტრიბუნალის ისტორიის, იურისდიქციის, განხილული თუ განხილვის პროცესში მყოფი საქმეებისა და ტრიბუნალის მიღწევების შესახებ მართლმსაჯულების აღსრულების საქმეში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტუდენტები დაესწრნენ ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ საქმის განხილვას. ბოსკო ნტაგანდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამოქალაქო ომის მონაწილე ერთ-ერთი დაჯგუფების მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია და ბრალდებულია ომის დანაშაულების ცამეტ და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ხუთ ეპიზოდში.
ვიზიტის ბოლოს სტუდენტები ეწვივნენ ლიბანის სპეციალურ ტრიბუნალს. ე.წ. "ჰარირის ტრიბუნალი" 2007 წელს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მანდატით, გაეროსა და ლიბანის მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე. მისი მიზანია გამოიძიოს 2005 წლის 14 თებერვალს, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური ტერორისტული აქტი, რომელმაც ლიბანის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი იმსხვერპლა და გაასამართლოს ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები. სტუდენტები დაესწრნენ აიაშისა და სხვების (ჰარირის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტში ბრალდებული პირები) საქმის განხილვას. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს მშვიდობის სასახლის ვიზიტორთა ცენტრი და გაეცნენ მულტიმედიურ პრეზენტაციებს მშვიდობის სასახლის ისტორიაზე, ასევე სასახლეში განთავსებულ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე, მუდმივმოქმედ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოზე, მშვიდობის სასახლის ბიბლიოთეკასა და საერთაშორისო სამართლის ჰააგის აკადემიაზე.
ყოველწლიურად თავისუფალი უნივერისტეტი აბიტურიენტებს არაერთ კონკურსს სთავაზობს. ტრადიციულად, სამართლის სკოლის კონკურსში „დანაშაული და სამართალი" გამარჯვებულები, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, სასწავლო ვიზიტით ჰააგაში მიემგზავრებიან.