GE

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ჰააგაში გაემგზავრნენ

10 ნოემბერი 2014

2014 წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის "დანაშაული და სამართალი". შეჯიბრის მიზანია სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის სამართლის ზოგადი პრინციპების და საქართველოსთვის აქტუალური საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხების „კეთებით სწავლება".

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გამარჯვებული გუნდის წევრები ნანა მაისურაძე და თამარ აბულაძე, აგრეთვე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკა კურდღელია, რომელიც გუნდს წვრთნიდა შეჯიბრისათვის, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორთან თამარ თომაშვილთან ერთად, ვიზიტით გაემგზავრნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში (ნიდერლანდები).

ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია შეხვედრები:

- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო: შეხვედრა სასამართლოს წარმომადგენლებთან ICC-ს ისტორიის და უფლებამოსილების, ასევე საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის შესახებ. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასწრება, რომელიც ეხება 2002 – 2003 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის და ომის დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემულ გენერალ ბემბას პროცესზე დასწრება.

- ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი სისხლის სამართლის ad hoc ტრიბუნალი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე 1992 – 1995 წლებში მომხდარ გენოციდის დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული რატკო მლადიჩის პროცესზე დასწრება და იუგოსლავიის კონფლიქტთან დაკავშირებით შექმნილ მუზეუმში ვიზიტი.

- მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო.

ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდება.