GE

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები სტრასბურგში

13 ოქტომბერი 2016

11 ოქტომბერს ოფიციალურად დაიწყო კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის დაფინანსებული და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებული სტუდენტთა ვიზიტი ევროპის საბჭოს ინსტიტუტებში (სტრასბურგი, საფრანგეთი).

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ, 2016 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული აბიტურიენტების შეჯიბრის „ადამიანი და სამართლის“ გამარჯვებული სამი სტუდენტი (თათია ბაკურია, მარიამ ბაზაძე და ლაშა მაჭავარიანი) და სამართლის სტუდენტებისთვის ორგანიზებული შეჯიბრის „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში“ საუკეთესო სპიკერის წოდების მფლობელი ნინო ჩოჩია. სტუდენტებს თან ახლავს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი თამარ თომაშვილი.

დღის პირველ ნახევარში სტუდენტები დაესწრნენ ეროვნული უმცირესობების ჩარჩო კონვენციის მე-4 თემატური განმარტებითი ბარათის ირგვლივ ორგანიზებულ კონფერენციას. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: კონვენციის გავრცელების ფარგლებში ეროვნული უცმირესობის განმარტების არ არსებობა და მისგან გამოწვეული სამართლებრივი სირთულეები (სახელმწიფოების მიერ შემუშავებული კრიტერიუმები ეროვნული უცმირესობის განმარტების კუთხით - ფორმალური აღიარება, მოქალაქეობა, ბინადრობის საბუთი, ტერიტორია, არსებითი რაოდენობა, და ა.შ.), კონვენციაზე დათქმის და დეკლარაციის გაკეთების, აგრეთვე ეროვნული უმცირესობების თვით-იდენტიფიცირების საკითხი. კონფერენციას ასევე სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსიმ. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტები ასევე შეხვდნენ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის წევრს საქართველოდან - ბესარიონ ბოხაშვილს.

სტუდენტები ასევე ეწვიენ საქართველოს წარმომადგენლობას ევროპის საბჭოში, სადაც მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს ელჩთან ბ-ნ კოტე კორკელიასთან. შეხვედრისას ელჩმა ისაუბრა საქართველოს ძირითად პოლიტიკაზე ევროპის საბჭოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე, ასევე ამჟამად ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის ტერორიზმი და მიგრაცია.