GE

კორუფცია

11 მაისი 2021

   ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ადამიანს მუდმივად აინტერესებდა სახელმწიფოს რაობის შესახებ მსჯელობა, კვლევა მისი წარმოშობის მიზეზებისა. შედეგად ჩამოყალიბდა მრავალი განსხვავებული თეორია, რომელიც სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზეზად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფაქტორებს ასახელებს. ერთ-ერთ ამგვარ თეორიას წარმოადგენს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია, რომლის მიხედვითაც პირველყოფილ სისტემაში საზოგადოება იმყოფებოდა მდგომარეობაში, რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც „ყველას ომს ყველას წინააღმდეგ“. ადამიანებმა თქვეს უარი გარკვეულ ინტერესებზე, რომ თავი დაეღწიათ ამგვარი მდგომარეობისათვის და სანაცვლოდ მიეღოთ უსაფრთხოება და თავიანთი უფლებების, თავისუფლების დაცვის გარანტია.

   მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლებების დაცვის ერთგვარ გარანტორად წარმოგვიდგება არსებობს რიგი პრობლემები, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ მისი ამ მოვალეობის ეფექტურად შესრულებას. ერთ-ერთ ამგვარ  საკითხს წარმოადგენს კორუფცია, რომელიც ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას,აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, ხელს უწყობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რღვევას.

   კორუფციას შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ სფეროში იქნება ეს ბიზნესი, სასამართლო, ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება... მას განსხვავებული ფორმები გააჩნია და ისეთ ქმედებებს მოიცავს როგორებიცაა: მექრთამეობა, ნეპოტიზმი, ზეგავლენით ვაჭრობა, კრონიზმი... კორუფცია საფრთხეს უქმნის თანასწორობას, ამკვიდრებს და ახალისებს დისკრიმინაციას. პირი, რომელიც ქრთამს სთავაზობს საჯარო თუ კერძო საფეროების წარმომადგენელთ ერთგვარად მოიპოვებს პრივილეგირებულის სტატუსს და სხვათა კეთილდღეობის ხარჯზე იღებს მის ინტერესებზე მორგებულ მომსახურებას. საჯარო თუ კერძო სექტორების წარმომადგენელი კორუმპირებული პირები დიფერენციაციას ახდენენ და არ სთავაზობენ თანაბარი ხარისხისა და ეფექტურობის მომსახურებას კორუფციაში ჩართულ და კანონების შესაბამისად მოქმედ პირებს, რაც ადამიანების დისკრიმინაციასთან ერთად ლახავს მათ ღირსებას. ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თავისი ღირსებითა და უფლებებით თანასწორი…“. ადამიანის ღირსებას, თანასწორობასა და თავისუფლებას ეფუძნება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, ამ უკანასკნელის დაცვას საფრთხეს უქმნის დასახელებულ სამ ცნებათაგან თითოეულის შელახვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კორუფცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვან პრობლემად წარმოგვიდგება.

   საინტერესოა კორუფციის შეფასება სხვადასხვა ეთიკური თეორიის მიხედვით . ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ კონსეკვენიალიზმი მსგავს ქმედებებს მორალურად სწორად და გამართლებულად მიიჩნევს, რადგან მათ კორუფციაში ჩართული ინდივიდებისათვის სარგებელი მოაქვთ. მაგრამ, ვფიქრობ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ კორუფციის უარყოფითი გარეგანი ეფექტი ადამიანებზე, რომლებიც მსგავს ქმედებებში ჩართულები არ არიან. ვფიქრობ, რომ კორუფციაში ჩართული ინდივიდების მიღებული სარგებელი ვერ გადაწონის საზოგადოების  სხვა წევრებისათვის მიყენებულ ზიანს და საბოლოოდ სარგებლის მაქსიმიზების ნაცვლად მის შემცირებას მოახდენს. შესაბამისად, კონსეკვენციალიზმის გადმოსახედიდან მსგავს ქმედებები არასასურველად და მორალურად გაუმართლებლად ჩაითვლება.

   ამ საკითხის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება გააჩნია დეონტოლოგიურ ეთიკასაც, რომელიც კონცენტრირებულია წესებსა და მოვალეობებზე და შესაბამისად, ეს ეთიკური თეორია არ გაამართლებს პიროვნებას, რომელიც მხოლოდ პირადი სარგებლის მიღების მიზნით,  ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას და სრულებით არ მოქმედებს მოვალეობის კარნახით. დეონტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლი, კანტი, ამგვარ დებულებას გვთავაზობს: „მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.“ კორუფცია არაეთიკურია. მას ვერ ვაქცევთ უნივერსალურ წესად, რადგან მსგავსი ქმედებები პიროვნების, როგორც საშუალების გამოყენებას გულისხმობს, რაც, კანტის მიხედვით, ასევე მიუღებელი ქმედებაა: „ადამიანს უნდა მოვექცეთ როგორც მიზანს და არა საშუალებას.”

   კორუფციული ქმედებები მიუღებელია არისტოტელეს სიქველის ეთიკის მიხედვითაც. არისტოტელე აღნიშნავს, რომ ქმედება მართებულია, თუ იგი დაფუძნებულია მორალურად მაღალზნეობრივ, კეთილშობილ, სათნო ხასიათზე და არასწორია, თუ ეს გამომდინარეობს კორუმპირებული, გარყვნილი ან მანკიერი ხასიათისგან, თვისებებისგან. კორუფცია ვერ ჩაითვლება იმ ქმედებათა შორის, რომლებიც ადამიანის თვისებების დახვეწასა და სიქველის შეძენის/განმტკიცების პროცესს უზრუნველყოფს. თანაც, კორუფციული ქმედებები ლახავს ღირსებებს, რომლებიც, არისტოტელეს აზრით მნიშვნელოვანია: სამართლიანობა - ყველა დანარჩენის მორალურად სამართლიანად მოპყრობა; კეთილსინდისიერება - სხვებისათვის ზიანის არმიყენება და სხვა.