GE

კვლევის პრეზენტაცია ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში

09 დეკემბერი 2016

8 დეკემბერს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისმა, ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა.
 
პრეზენტაციის დროს მომხსენებლებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით სულაქველიძემ და ასისტენტ პროფესორმა/ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიურმა დირექტორმა, თამარ თომაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით საქართველოში პირის დაკავების სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევის შედეგები გააცნეს.
 
კვლევა ჩატარდა ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში სისხლისა და ადმინისტრაციული დაკავების სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევა“ ფარგლებში. პროექტის განხორციელებისას გამოყენებული იყო თვისებრივი კვლევის მეთოდები, რის შედეგადაც ერთის მხრივ, დამუშავდა საქართველოს სასამართლოებიდან და ადვოკატთა ასოციაციიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ხოლო მეორეს მხრივ კი, გამოიკითხნენ პრაქტიკოსი ადვოკატები. მიღებული შედეგებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა რელევანტური რეკომენდაციების პაკეტი.
პრეზენტაციის დასასრულს, სფეროს ექსპერტებს შორის დისკუსია წარიმართა.
 
კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.
 
კვირეულის მხარდამჭერები არიან USAID-ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამა (EWMI- PROLoG), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).