GE

ლაზური

28 ნოემბერი 2013

შესწავლის ისტორია

ლაზური (resp. ჭანური) მეგრულთან ერთად ჰქმნის ზანურ (resp. კოლხურ) ენობრივ ერთეულს, რომელიც შედის ქართველურ ენათა ოჯახში. ლაზური გავრცელებულია თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე სარფიდან რიზემდე. ლაზები ცხოვრობენ ართვინის ვილაიეთის ხოფის, ბორჩხისა და არქაბის ილჩეებსა და რიზეს ვილაიეთის ფინდიქლის , ართაშენის, ჩამლიჰემშინის და ფაზარის ილჩეებში. საქართველოში სარფის გარდა ლაზური გავრცელებულია ბათუმსა და გონიოში. მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე ლაზები ცხოვრობდნენ აფხაზეთში (ეშერის ხეობაში, ასევე გუდაუთასა, სოხუმსა და ოჩამჩირეში), სამეგრელოში (ანაკლია).
ლაზურის კილო-კავებია: ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინურ-ართაშენული, ცალკე გამოყოფენ ჩხალურ თქმას.

ლაზურის პირველი გრამატიკა ეკუთვნის გეორგ როზენს (მე-19 ს.), მაგრამ ფუნდამენტური ლინგვისტური კვლევა და ლაზური ტექსტების პირველი პუბლიკაცია (1910 წ.) დაკავშირებულია ნიკო მარის სახელთან. ლაზურს სხვადასხვა დროს იკვლევდნენ ქართველი მეცნიერები: იოსებ ყიფშიძე, არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჟღენტი, სერგი ჯიქია, ირინე ასათიანი, გურამ კარტოზია, ნათელა ქუთელია... უცხოელი მკვლევრები: ჟორჟ დიუმეზილი, გერჰარდ დეეტერსი, ჰ. აჭარიანი, ვინფრიდ ბოედერი, ხ. კლუგე, გიორგი კლიმოვი, ჰაინც ფეინრიხი... აღსანიშნავია არნ. ჩიქობავას, ი. ყიფშიძის, ჟ. დიუმეზილის, ი. ასათიანის, გ. კარტოზიას, ნ. ქუთელიას მიერ მომზადებული ლაზური ტექსტების პუბლიკაციები, ხოლო ირინე ასათიანის „ლაზური ლექსიკონი (ზმნური ძირ-ფუძეები)" (2012 წ.) და ალი თანდილავას „ლაზური ლექსიკონი"(2013 წ.) პირველი აკადემიური გამოცემებია საქართველოში.

სხვადასხვა დროს ლაზურ ლექსიკაზე მუშაობდნენ რ. შეროზია, ო. მემიშიში, მ. ჩუხუა, მ. ქურდიანი, ლ. თანდილავა, მ. ბუკია, მ. სალია, შ. ახალაია, ი. არონია, თ. კალანდია, ს. ბერულავა, მ. ჯღარკავა...
უკანასკნელ პერიოდში თურქეთში გააქტიურდა ლაზური დიასპორა. შეიქმნა „ლაზური კულტურის ცენტრი", რომელიც საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევა. მომზადდა და გამოიცა არა ერთი ლაზური წიგნი, მათ შორის დიდი ლაზური ლექსიკონი „დიდი ლაზური ნენაფუნა" (Ismail Bucakliși, Hasan Uzunhasanoğli, Irfan Aleksiva, Didi lazuri nenapuna, 2007). თურქეთის ხელისუფლებამ ლაზური ენა შეიტანა არჩევით საგნად სკოლებში.

2012-2014 წლებში პროექტის „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" მიხედვით ვიწეში, არქაბეში, არდაშენსა და ჩხალა-მარადიდში ლაზური მეტყველების ნიმუშები ჩაიწერეს სოფიკო ბერულავამ, მარინა ჯღარკავამ, მანანა ბუკიამ, ლალი ეზუგბაიამ. ტექსტები ინტეგრირებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში" (ტექსტების ნახვა)

ლაზურის ელექტრონული ლექსიკონი

პროექტის „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" მიხედვით მომზადებული ლაზურის ელექტრონული ლექსიკონი ემყარება ყველა არსებულ პუბლიკაციასა და გამოკვლევას როგორც ჩვენში, ასევე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, გამოყენებულია პროექტის ფარგლებში ექსპედიციებზე მოპოვებული მასალა და ახალი ლექსიკა.

ლექსიკონი შეადგინეს ლალი ეზუგბაიამ, მანანა ბუკიამ, მარინა ჯღარკავამ, სოფიკო ბერულავამ.

ამ ეტაპზე ლექსიკონში წარმოდგენილია 6155 სალექსიკონო ერთეული (ლემა).

ლექსიკონი ინტეგრირებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში" (შემოკლებით ქდკ, ავტორები: მ. ბერიძე, დ. ნადარაია).

ლექსიკონით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სპეციალისტებს, ასევე ენით დაინტერესებულ პირებს. 

ლექსიკონის გამოყენების წესი

ლექსიკონის ნახვა