GE

ლიდერებად იბადებიან თუ ლიდერები ხდებიან?

14 მარტი 2014

ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მომავალს ბიზნესსა და სამართალს უკავშირებენ, განსაკუთრებით სჭირდებათ, გამოიმუშავონ ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ადრე რატომღაც მეგონა, რომ ლიდერები მხოლოდ იბადებიან და ამის სწავლება ადამიანისთვის აბსურდად მეჩვენებოდა, მაგრამ შარშანდელმა ზაფხულმა ჩემი წარმოდგენები ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად შეცვალა. ეს გარდატეხა კი ჩემში მოახდინა საერთაშორისო საზაფხულო სკოლამ ლიდერობაზე (the International Summer School on Leadership 2012).

ეს პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება the International Spark Program-ის ფარგლებში, რომელიც დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიერ. ეს არის 10 დღიანი პროგრამა, რომელიც არ ატარებს მოსაბეზრებელი და დამღლელი ტრენინგის სახეს, სადაც მხოლოდ უნდა უსმინო ტრენერს (თუ „ბეჯითი“ ხარ, ჩაიწერო კიდეც) და იმის იმედად იყო, რომ რაიმე მაინც დაგამახსოვრდება თეორიული კურსიდან. ეს პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიულ სესიებს, რომელშიც ახლის სწავლასთან ერთად თითოეულ სტუდენტს საშუალება ეძლევა ჩაერთოს დისკუსიებში და გამოთქვას თავისი პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ამ პროცესში სტუდენტებს უმუშავდებათ ერთმანეთის მოსმენისა და ურთიერთპატივისცემის ჩვევები, ასევე ემატებათ გამბედაობა, აუდიტორიის წინაშე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. პროგრამაში გაწერილი სხვადასხვა ჯგუფური სამუშაოები, სტუდენტებს გვაძლევდა საშუალებას უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და ასევე განგვევითარებინა გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. ამ პროექტმა მასწავლა, რომ გუნდში პასუხისმგებლობა და მოვალეობა გადანაწილებული უნდა იყოს და თითოეულმა წევრმა გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს მუშაობის პროცესში. ასევე ვისწავლე ის, რომ წარმატებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ სულს და მოტივაციას.

სესიები ტარდებოდა სხვადასხვა საინტერესო თემებზე, როგორებიცაა: იდეების წარმოქმნის პროცესი, მარკეტინგული კვლევები და ანალიზი, მოლაპარაკებების წარმოება, სპონსორებისა და ინვესტორების მოძიება და სხვ. ასევე გავეცანით სხვადასხვა ქეისებსა და სიმულაციებს, რომლებშიც კარგად ჩანდა, რეალობაში არსებული გუნდური მუშაობისა და ლიდერობის პრინციპები. სესიებს უძღვებოდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ინსტრუქტორები. ცხოვრებისეული გამოცდილებების მოსმენა იმაზე გაცილებით უფრო საინტერესო და გამოსადეგია, ვიდრე წიგნებში დაწერილი თეორია. ეს პროექტი ამ მხრივაც გამოირჩეოდა – ყოველ დღე ვხვდებოდით სპეციალურად მოწვეულ სპიკერს, რომელიც წარმატებული იყო საკუთარ პროფესიაში. ისინი გვიზიარებდნენ საკუთარი წარმატების ფორმულებს და ჩვენც გვქონდა საშუალება დაგვესვა მათთვის სასურველი კითხვები. პროგრამის განმავლობაში ჩატარებული სესიები ემსახურებოდა მიზანს, რომ ის დეტალები, რასაც 10 დღის მანძილზე ვსწავლობდით, გამოგვეყენებინა საბოლოო პროექტში და საკუთარი თავისთვის გვეჩვენებინა, თუ რეალურად რა პრაქტიკული ცოდნა მიგვყვებოდა ამ კურსიდან.

საბოლოო პროექტზე მუშაობის პროცესი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, რადგანაც დავინახეთ რეალურად რა გამოგვადგებოდა პრაქტიკაში და რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდომოდით პროექტზე მუშაობის დროს. ამ ყველაფერმა ნათლად დამანახა, რომ ლიდერული თვისებები ყველა ადამიანში არსებობს, უბრალოდ საჭიროა მის განვითარებას შევუწყოთ ხელი.