GE

მანჩო გიგანი ჩინეთიდან

26 აპრილი 2018

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ავირჩიოთ გზა, რომელსაც ცხოვრების მანძილზე გავყვებით. ვეძებთ რაღაც სიახლეს, რაღაც ისეთს, რაც ჩვენთვის უცხოა და ღრმა შთაბეჭდილებებს ტოვებს.
 
როგორც ყველა ჩემს თანატოლს მსგავსი არჩევანის გაკეთება ოთხი წლის წინ მეც მომიწია, როდესაც თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე. სწორედ აქ, საკმაოდ სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება ამერჩია ჩინური ენა, შეიძლება ითქვას, რომ ბედი იყო, რადგან ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება.
 
მახსოვს პირველი იეროგლიფები და განცდა, როდესაც ყველასათვის უცხო და უცნაურ ენაზე წერას იწყებ, შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამ, შემდგომ კი ეს განცდა კიდევ უფრო ძლიერდება და გიჩნდება მოტივაცია. ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორის ურთოეთობათა სკოლის ჩინურმა მიმართულებამ ეს ენა შემაყვარა და ვიტყვი, რომ ჩვენი ლექტორების დამსახურებაა, რომელთა ლექციებიც ყოველთვის ერთდროულად სახალისო და დატვირთული იყო. გარდა ამისა, ტარდებოდა უამრავი კონკურსი და ღონისძიება, ჩინური ახალი წელი, სიტყვით გამოსვლისა და პოეზიის კონკურსები. ორგანიზების პროცესში სტუდენტები მუდმივად ჩართულები ვიყავით, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო გვიხალისებდა. სწორედ თავისუფალ უნივერსიტეტში შევიტყვე, რომ შესაძლებლობა მქონდა მომეპოვებინა ჩინეთის სახელისუფლებო დაფინანსება და ჩინეთში გამეგრძელებინა სწავლა, ამან კიდევ უფრო შემმატა მოტივაცია. ჩემი მონდომების, ლექტორების თავდაუზოგავი შრომისა და მხარდაჭერის შედეგად ჩავაბარე ჩინური ენის მე-4 დონის გამოცდა და დაფინანსებაც მოვიპოვე. ამჟამად ჩინეთის ულამაზეს, მზიან და კუნძულოვან ქალაქ სიამენში ვაგრძელებ სწავლას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ლექტორებს, საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის ჩინური ენის მიმართულების ხელმძღვანელსა და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორ მარინე ჯიბლაძეს, ჩვენს ლექტორებს ელი ელისაშვილსა და თამუნა ლომთაძეს, არ შემიძლია არ მოვიხსენიო ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ვახტანგ ლეჟავა, რომელიც მთელი ურთულესი პროცესის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო, გვამხნევებდა და, რაღა თქმა უნდა, ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებს.
 
ხშირად მეკითხებიან თუ როგორია ჩინეთში ცხოვრება? აქ ყველაფერს სხვა ელფერი აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, ოჯახი, მეგობრები, თუმცა ეს არის გამოცდილება, რომელიც ჩემი აზრით ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს.
 
სიამენი ჩინეთის სამხრეთით, ფუძიენის პროვინციაში მდებარეობს, ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ზონაა, შესაბამისად ყველაფერი განვითარებულია. მახსოვს პირველი შთაბეჭდილებები, როდესაც თვითმფრინავიდან დავინახე ადგილი, სადაც შემდგომი ერთი წელი უნდა გამეტარებინა. აქ ყველაფერი განსხვავებულია, დილით მზე სხვანაირად ანათებს, სხვანაირად გვათბობს, მთელი ქალაქი მორთულია ულამაზესი ვარდისფერ ყვავილნარევი გამწვანებით, კუნძულებს შორის დამაკავშირებელი ხიდებით. ეს ქალაქი უკვე ჩემი სახლი გახდა, ამ ქალაქში სეირნობით არასოდეს დაიღლები. აქ ერთმანეთთან არაჩვეულებრივადაა შერწყმული ჩინური და დასავლური კულტურა, ულამაზესი არქიტექტურა, ვხვდებით ბუდისტურ თუ ტაოისტურ ტაძრებს, აქვეა პატარა კუნძული კულანიუ, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ადგილად მიიჩნევა. კუნძულზე ავტომობილებს ვერ შეხვდებით, აქ მოსახვედრად კი ბორანით მოგიწევთ მგზავრობა, დანიშნულების ადგილზე მისული კი მიხვდებით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში ხართ. ხშირად მეკითხებიან თუ რა მომწონს სიამენში ყველაზე მეტად. აქ ყველაფერი შესაძლებელია, თუ სულიერი სიმშვიდის მოპოვება გსურთ შეგიძლიათ ესტუმროთ ნანფუთუოს ტაძარს, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენთ, ისეირნოთ პარკებში, ზღვის სანაპიროზე და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. საქართველოში ახლა პოპულარულია ხელოვნება, მუსიკა, არტ ზონები და კაფეები, სიამენშიც არის ერთ-ერთი ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი, რომელსაც შაპოვეი ეწოდება, აქ მრავლად არის სუვენირების მაღაზიები, ქუჩის მხატვრობა, ვინილებისა და სიდი დისკების მაღაზიები, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები სხვადასხვა ქვეყნიდან.
 
სიამენი განთქმულია ზღვის პროდუქტებით, ასე რომ მის მთავარ ქუჩაზე, ჭუნშანლუზე, ყოველ კუთხეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა დელიკატესები. ამ ქალაქმა უკვე დამიტოვა დუვიწყარი შთაბეჭდილებები და თავი შემაყვარა, რაც მხოლოდ ულამაზესი გარემოს დამსახურება არაა. აქაური ხალხი განსაკუთრებით სტუმართმოყვარეა, ხშირად ვხვდები გამვლელებს, რომლებიც მიღიმიან, მესაუბრებიან, ხშირად ვეხვევი სახალისო სიტუაციებში, რაც ჩემს ჩინურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. დასვენების დღეებში ძალიან მარტივად შეგიძლიათ სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობა, რადგან სწრაფი მატარებლები საკმაოდ კომფორტული და ხელმისაწვდომია, შესაბამისად ჩემს პროვინციაში უკვე მოვინახულე რამდენიმე ქალაქი, ჩინური ახალი წლის პერიოდში კი ძიანგსუს პროვინცია. რაც ყველაზე საინტერესოა, მოგზაურობისას ხვდები თუ რამდენად ფართო, მრავლისმომცველია ჩინური კულტურა, განსხვავება ხალხის ტრადიციებს, ჩვევებსა და საუბრის მანერას შორის.
 
როდესაც ჩინეთში ჩამოვედი უკვე საკმაოდ მესმოდა ჩინური ენა, რაც თავისუფალი უნივერსიტეტისა და ჩვენი ლექტორების დამსახურებაა, შესაბამისად არ გამჭირვებია გარემოსთან შეგუება და ხალხთან კონტაქტი. ამჟამად სიამენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩინურ ენის კურსს გავდივარ, ჩვენს ჯგუფში სულ რვა სტუდენტი ვართ, მხოლოდ ორს შეგვიძლია ინგლისურად საუბარი, შესაბამისად უმეტესად ჩინურად ვსაუბრობთ. ლექციებით დატვირთული ვართ მეთქი ვერ ვიტყვი, თავისუფალი დრო ბევრი გვაქვს, თუმცა სამეცადინო ბევრია, ზოგჯერ ცოტათი რთულიც, ვამზადებთ პრეზენტაციებს, ვკითხულობთ გაზეთებს, ვსაუბრობთ კულტურულ განსხვავებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე. შემიძლია ვთქვა რომ ნახევარ წელიწადშიც კი ჩემი ჩინური ენის დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა. უნივერსიტეტში უამრავი საინტერესო რამ ხდება, ესეების კონკურსები, სხვადასხვა ღონისძიებები, ექსკურსიები.
 
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ესეების კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გავხდი, ამასთანავე ვიყავი ახალი წლის ღონისძიების წამყვანი, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, უნივერსიტეტის უცხო ენების ინსტიტუტის ყოველი სტუდენტი და ლექტორი მხარში მედგა, მამხნევებდნენ და მაძლევდნენ მოტივაციას, რამაც ვთვლი რომ შედეგი გამოიღო.
უკვე მეორე სემესტრიც დაიწყო, წინ კიდევ უამრავი საინტერესო რამ მელის.
 
წინაა HSK-ის მეხუთე დონის გამოცდა (რაც C1 დონეს უდრის) და ლექციები. უნივერსიტეტიდან ვგეგმავთ მოგზაურობას სიანსა და პეკინში და უამრავ სხვა ღონისძიებას.
 
წინ დატვირთული და საინტერესო სემესტრი მელის, საქართველოში დაბრუნებამდე კი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა მექნება. ცოტათი მიჭირს იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავტოვებ ჩინეთს, რადგან სიამენი ჩემი სახლია, ჩემი ოცნების ქალაქია, სადაც ყოველი დღე განსაკუთრებულად იწყება.