GE

მარია ბერგერის საჯარო ლექცია კამპუსში

11 ოქტომბერი 2018

22 ოქტომბერს 17:00 საათზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის“ პროექტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია: ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში.
 
საჯარო ლექციას ჩაატარებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე მარია ბერგერი. მოსამართლე ბერგერი სამართლის დოქტორი და ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესიორია ევროკავშირის სამართალში. მისი პროფესიული კარიერა უკავშირდება ავსტრიის ევროინტეგრაციის პროცესებს და ავსტრიის იუსტიციის სისტემას, მათ შორის იუსტიციის მინისტრის რანგში, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში მრავალწლიან მოღვაწეობას. 2009 წლიდან მარია ბერგერი ლუქსემბურგის სასამართლოს მოსამართლეა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია საქართველოზე პირდაპირ არ ვრცელდება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა, მათ შორის ადამიანის უფლებათა სტანდარტების დადგენის კუთხით, სულ უფრო აქტუალური ხდება ქართული მართლმსაჯულების სისტემისათვის.
 
ლექცია ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში.
 
დასწრება თავისუფალია.