GE

მარიამ მღებრიშვილმა University of California, Santa Barbara-ში დაიწყო მუშაობა

19 იანვარი 2021

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ მღებრიშვილმა University of California, Santa Barbara-ში დაიწყო მუშაობა.

მარიამი პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს და სწავლის საფასურს 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს. სწავლისა და კვლევითი სამუშაოს პარალელურად ის ლექტორის ასისტენტად მუშაობს. მარიამმა მუშაობა იანვრიდან დაიწყო და ყოველ სემესტრში სხვადასხვა საგნის სწავლებას ითავსებს.

მარიამის ინტერესის სფერო პოლიტიკური მეცნიერებებია, კერძოდ კი კავკასიის რეგიონი და საბჭოთა მემკვიდრეობა. მან თავისუფალ უნივერსიტეტში ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, "პოსტსაბჭოთა ელიტები და საქართველოს სამოქალაქო ომი (1991-1992)". ნაშრომი უფრო ღრმად იკვლევდა ქართულ პოლიტიკურ ელიტებს - მათ თავისებურებებს, შიდა კონფლიქტებს, საბჭოთა მემკვიდრეობასა და 90-იანი წლების საქართველოში დემოკრატიის აღქმას.

2020 წელს მარიამი ევროპისა და ამერიკის რვა უნივერსიტეტმა მიიღო, მათ შორის Columbia University, Middlebury Institute of International Studies (50% დაფინანსებია), State University of New York Albany (სრული დაფინანსება და სტიპენდია), Central European University - (სრული დაფინანსება და სტიპენდია), Cal State Long Beach, Uppsala University, თუმცა არჩევანი სწორედ University of California, Santa Barbara-ზე გააკეთა.

Mariam Mghebrishvili