GE

მარინე ჯიბლაძის შეხვედრა ჩინეთის ელჩთან

18 იანვარი 2020

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები მარინე ჯიბლაძე და სუ კუოინგი შეხვდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იენს.
ელჩმა დაადასტურა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა და დიდი წვლილი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებიც გამოხატავენ ჩინური ენის შესწავლის სურვილს. აღსანიშნავია, რომ ისინი ამჟამად სწავლობენ და წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში. საელჩომ გამოხატა დიდი მხარდაჭერა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიმართ.
 
შეხვედრის დროს მოხსენება წარადგინეს დირექტორებმა კონფუცის ინსტიტუტის მიღწევების შესახებ, განიხილეს ჩინეთის საელჩოსთან თანამშრომლობის გზები; სტიპენდიის პოლიტიკა, მასთან არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი ჩინეთში, ჩინელი მოხალისე პედაგოგების საკითხები.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა მარინე ჯიბლაძემ, როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტმა, შეიმუშავა სკოლებში მეორე უცხო ენის - ჩინური ენის ეროვნული სასწავლო გეგმა, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ეხმარება სამინისტროს ადგილობრივი პედაგოგების გადამზადებასა და სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაში.