GE

მეგი ქარცივაძე ლონდონიდან

16 ოქტომბერი 2018

დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი ჩემთვის არის ამბავი სამყაროს ფუნდამენტურ კანონზომიერებაზე, რომ თავდაუზოგავი შრომა ადრე თუ გვიან აუცილებლად ფასდება და ხანდახან ისეთ ნაყოფსაც გამოიღებს ხოლმე, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდით.

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც გადავწყვიტე, რომ სწავლის გაგრძელება რუსეთისა და პოსტ საბჭოთა სივრცის შემსწავლელ მეცნიერებებზე მინდოდა საზღვარგარეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ამისთვის სამზადისი. სწორედ მაშინ მიწევდა მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სავალდებულო საგნის, “ჯუნიორ პროექტის” გავლა, რომლის ფარგლებშიც ავირჩიე თემა “ლენინი და სტალინი თანამედროვე რუსეთისა და საქართველოს მეხსიერებაში” და ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით შევუდექი ამ პროექტზე მუშაობას. პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ ტელევიზიაში, რადგან ვიცოდი, რომ საზღვარგარეთ დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებლად დამჭირდებოდა სამუშაო გამოცდილება და ვემზადებოდი GRE-ისა და TOEFL-ის გამოცდებისთვის. ყველაზე მძიმე მაინც GRE-ისთვის სამზადისი იყო - ყოველ დილით ვდგებოდი 8 საათზე და 9 საათზე ვიწყებდი ტესტების კეთებას ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც გამოცდაზე უნდა მეწერა, რაც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა, შემდეგ ვიწყებდი ლათინური და ბერძნული ფუძეების დაზეპირებას და მათემატიკის გამეორებას, ეს ყველაფერი კი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ახლაც არ ვიცი, დღეში 24 საათი როგორ მყოფნიდა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მგონია, რომ ესეც სწორედ სამყაროს კანონზმიერების ნაწილია - როდესაც რაღაც ძალიან გინდა და შენი მიზნის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მიჰყვები გეგმას, ყველაფერი შენდაუნებურად გამოგდის.

ისე მოხდა, რომ ჩემმა “ჯუნიორ პროექტმა” მეც და ნუცაც ძალიან “ჩაგვითრია” და იმაზე საინტერესო გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა. ამის შემდეგ საგნის, “სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია” ფარგლებში ეთნოგრაფიის მოსამზადებლად წავედი ქალაქ გორში, სადაც ქართველი “სტალინისტები” ჩავწერე და ამჯერად უკვე ეთნოგრაფიული მასალა დავუმატე ჩემს კვლევას. მალევე ნუცამ შემომთავაზა, რომ ერთობლივად გაგვეკეთებინა მოხსენება ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ASN World Convention-ზე და ერთი წლის თავზე აქაც წავედით. ამის შემდეგ კი იყო ჩემი საბაკალავრო ნაშრომი “სტალინი და ქართული ნაციონალიზმი: პარადოქსული სიყვარული თუ ქართული კულტურული მეხსიერების ლოგიკა?” ისევ ნუცას ხელმძღვანელობით და კონფერენცია “Tradition and Innovation” ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, სადაც წარვადგინე თემა “Collision between Tradition and Innovation: Two Waves of de-Stalinization”. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი მუშაობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დავიწყე, სადაც კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი მომავალი მეცნიერებასა და აკადემიურ სივრცესთან უნდა დამეკავშირებინა.

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მიოცნებია ინგლისში სწავლაზე, ვინაიდან ვიცოდი, რომ აქ დაფინანსების ძალიან დაბალი შანსებია, სრულიად სპონტანურად, დედლაინის ბოლო დღეს დედაჩემმა დამარწმუნა, რომ ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებაზე Chevening Scholarship შემეტანა განაცხადი. არ მეგონა, რომ ჩემი მიმართულებით დაინტერესდებოდნენ, ამას ემატებოდა ისიც, რომ Chevening-ით დაფინანსებულთა საშუალო ასაკთან შედარებით საკმაოდ პატარა ვარ და ასევე, მიმაჩნდა, რომ ჩემი გამოცდილებაც ნაკლები იქნებოდა ჩემი კონკურენტების გამოცდილებასთან შედარებით, ამიტომაც არ ველოდი, რომ დადებით პასუხს მივიღებდი ბრიტანეთის მთავრობისგან და დავთანხმდი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შემოთავაზებას, რომელიც სრულად მიფინანსებდა სწავლას და ცხოვრებას ბუდაპეშტში. უკვე უნგრეთის ვიზაც მქონდა აღებული და თვითმფრინავის ბილეთებიც ნაყიდი, ასევე, წინა ღამით გაუქმებული მქონდა შემოთავაზება University of Glasgow-სა და St. Andrews-იდან (მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურებით, UCL არ გავაქუმე), რომ Chevening-ისგან მეილი მივიღე - ბრიტანეთის მთავრობამ სრულად დაფარა ჩემი სწავლა UCL-ში, ცხოვრება ლონდონში, მგზავრობა და ყველა სხვა ხარჯი.

დღემდე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რამხელა შრომა და ძალისხმევა მქონდა ჩადებული ამ ყველაფერში, კანონზომიერების გარდა, ეს ამბავი სასწაულის ელემენტებსაც შეიცავს. სასწაული ისაა, რომ სამყარო ხანდახან თავისით გვიმზადებს რაღაცას, რისკენაც ჩვენდა უნებურად მივყავართ თითოეულ ნაბიჯს, თუმცა კანონზომიერებაა ის, რომ რასაც არ უნდა გვიმზადებდეს სამყარო, საკმარისი ძალისხმევის გარეშე იქამდე ვერ მივალთ. ძალიან გრძელი და დამღლელი გზა იყო აქამდე. ყველაზე რთული მაინც იმ შიშთან გამკლავებაა, რომელიც მუდმივად თავს დაგტრიალებს ამ დროს - “ამდენი წვალება რომ არ დამიფასდეს, რა უნდა ვქნა?” მაგრამ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან შრომა აუცილებლად ფასდება, განათლება კი, როგორც თვითკმარი ცნება, ფუნდამენტური მნიშნელობისაა ამ პროცესში. 

ახლა ლონდონში ვარ და ვსწავლობ UCL-ში Russian Studies-ზე. ასევე, გავხდი UCL-ის School of Slavonic and East European Studies დეპარტამენტის სამეცნიერო ჟუნრალის Slovo აღმასრულებელი რედაქტორი. სწავლის დაწყების პირველივე დღეებიდანვე მივხვდი, რომ ცონდა და უნარები, რომლებიც თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა, აქ მნიშნელოვნად დამეხმარებოდა და ასეცაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უამრავი რამაა წასაკითხი და საწერი, ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო არაა - ნაკლებს არც თავისუფალში მაკითხებდნენ და მაწერინედბნენ და კვლევითი ნაშრომის მოსამზადებლად საჭირო უნარებიც უკვე გამომუშავებული მაქვს თავისუფალის პროფესორებისა და ლექტორების დიდი დამსახურებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა, ღირებულებებია, რომლებმაც მთელი ეს გზა გამომატარა, აქამდე მომიყვანა და აქაც ყოველ წამს მეხმარება - ცოდნა, შრომა, თავისუფლება.