GE

მორალური პასუხისგებლობა - უმაღლესი სახის სანქცია

27 მარტი 2021

ადამიანები, როდესაც შევთანხმდით გარკვეული დაწერილი თუ დაუწერელი ვალდებულებების შესახებ, გავაკეთეთ დათქმა, რომ ის ყველასთვის თანაბრად შესასრულებელია. დღეს, ისევ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე თანახმა ვართ, რომ მშვიდი თანაცხოვრების მიზნით, გარკვეული თავისუფლებები სახელმწიფოს სასარგებლოდ დავთმოთ. ამ გზით კი პასუხისგებლები ვიყოთ, როგორც ერთმანეთის, ასევე, სახელმწიფოს მიმართ. მაგალითად, არ მოვკლათ ერთმანეთი, რადგან ამის შედეგად, თავისუფლების შეზღუდვა დაგვემუქრება.

თუმცა ყველაზე ფუნდამენტურ, გარე დამკვირვებლისთვის ალბათ აბსტრაქტულ ვალდებულებას, რომელიც ყველას გააჩნია გარკვეული მოცულობით, მორალური პასუხისგებლობა წარმოადგენს. ადამიანები ერთმანეთთან ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი ვამყარებთ სულიერ კავშირს, მათდამი გვიჩნდება გარკვეული დამოკიდებულება, გრძნობები, ეს კი თავისთავად წარმოგვიშობს მორალურ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ. პირობითად, მათთვის ყველაზე რთულ პერიოდში მხარდაჭერის ვალდებულებას. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ არ დაეხმარები მეგობარს, გაუმკლავდეს გარკვეულ პრობლემებს, ფორმალურად არავინ დაგსჯის, თუმცა აქ ამოსავალი ისევ ადამიანის შინაგან ბუნებაში უნდა ვეძებოთ.

მოდით, საკითხს უტილიტარიზმის პერსპექტივიდან შევხედოთ, რომელიც ძირითადად სამი სახის პრინციპს სახავს და მათ დაცვას ითხოვს. ესენია: 1. ბედნიერების შეგრძნება, როგორც უმაღლესი ღირებულება. 2. ადამიანის ქმედება, რომელიც მიმართული უნდა იყოს საერთო ბედნიერების ფორმირებისკენ. 3. ყველას ბედნიერებათა თანასწორობა. ამ პრინციპებიდან ერთ-ერთის დარღვევაც კი წინააღმდეგობაშია უტილიტარიზმთან, ამიტომ ჩნდება კითხვა, მისი დარღვევის შემთხვევაში ადამიანი თუ რა სახის პასუხისგებლობას უნდა ელოდოს.

ჯონ სტიუარტ მილი, როდესაც საუბრობდა ბედნიერების თანასწორად განაწილებაზე, იმასაც გულისხმობდა, რომ ყველა ადამიანს თანაბრად უნდა მიეღო მის ფორმირებაში მონაწილეობა. ყველაფერ ამის დარღვევის შემთხვევაში, მილი ადამიანის მორალურ პასუხისგებლობაზე საუბრობდა. ამ სახის სანქცია უტილიტარიზმისთვის ერთ-ერთი უმაღლესია, რადგან ის ადამიანის ბუნებასთანაა მჭიდრო კავშირში. ზოგადად, ამ იდეოლოგიისთვის ადამიანიზე მორალური პასუხისგებლობის დაკისრება გამოცდილების მიღებასაც უკავშირდება. არსებობს პრეზუმცია, რომ ის იმდენად არის დაკავშირებული ადამიანის შინაგან სამყაროსთან, რომ მას უდიდეს ტკივილს აყენებს. შესაბამისად, ადამიანს აღარ უჩნდება სურვილი იმისა, რომ ეს ქმედება გაიმეოროს. ჩემს მიერ ჩამოთვლილი სამი პრინციპიდან ერთ-ერთის დარღვევა უტილიტარიზმისთვის "ცუდი" საქციელია. აქ არ გვაქვს სიცუდის სტანდარტები, ამიტომ მისი ამგვარი სტატუსი საკმაოდ მძიმე ხასიათისაა. 

აქვე, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ მორალური სანქციის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არ აგებს პასუხს. ასეთ შემთხვევად მილი ღმერთისადმი შიშს განიხილავს. მართლაც, ადამიანმა, რომელსაც ღმერთი სწამს, მორალური ტანჯვა შეიძლება მისგან მოვლენილ სასჯელად მიიჩნიოს, შესაბამისად, ეცადოს, თავიდან აირიდოს ამ სახის პასუხისგებლობა. მორალური სასჯელის შიში იმდენად განგრძობადია და მჭიდრო კავშირშია სულიერებასთან, რომ ადამიანი ცდილობს თავისი ქმედების შედეგად არ დაიმსახუროს ის ან  არ გააჩინოს საბაბი მის მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის მორალური სანქცია საკმაოდ მძიმე ხასიათისაა, არ არის რთული წარმოსადგენი, რომ ადამიანმა ისევ საკუთარი შინაგანი მორალის კარნახით, უტილიტარისტული პრინციპის გათავისებაზე უარი თქვას. მაგალითად, ადამიანს შეიძლება სულაც არ უნდოდეს რომ სხვის ბედნიერებაზე იზრუნოს და სრულ ვაკუუმში ურჩევნოდეს ცხოვრება. ესეც ხომ მისი არჩევანია?! თუმცა, ამ შემთხვევაში ადამიანს ეს ფილოსოფიური მიმდინარეობა გაწირავს, "ცუდად" მიიჩნევს და არ მისცემს საერთო ბედნიერების სხვა გზებით მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ადამიანის შინაგანი მორალისთვის სრულიად მიუღებელი იყოს უტილიტარიზმის პრინციპები, ის მომავალში ისევ თამაშგარედ აღმოჩენის შიშით მიღებულ მორალურ სანქციას, მის უსიტყვოდ მიღებას ამჯობინებს.