GE

ნატალია ველიკოვა მასტერკლასი ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმზე

03 ნოემბერი 2016

4 ნოემბერს, 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის #218 აუდიტორიაში ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ნატალია ველიკოვა ჩაატარებს მასტერკლასს ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმზე.

მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღვინის მომხმარებელთა მახასიათებლები, მათი მოტივები და ქცევა. ბრენდინგი და მენეჯმენტი; სარეკლამო სტრატეგიები; სოციალური მედია ღვინის ინდსუტრიაში. წარმოდგენილი იქნება ველიკოვას ბოლო კვლევა აღნიშნული საკითხების საილუსტრაციოდ. ყურადღება გამახვილდება კვლევის შედეგების მნიშვნელობაზე. ასევე, მასტერკლასი შეეხება სხვადასხვა სახის ღვინის ტურიზმს, ვიზიტორთა მოზიდვის სტრატეგიებსა და იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვინის ტურისტთა გადაწყვეტილებების მიღებაზე.

ნატალია ველიკოვა არის ტეხასის ღვინის მარკეტინგული კვლევის ინსტიტუტისა და ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუმართმოყვარეობისა და საცალო ვაჭრობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; კითხულობს ლექციებს ღვინის მარკეტინგისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით და ატარებს კვლევას ღვინის მომხმარებელთა ქცევის შესახებ.

პროფესორი ველიკოვა საქართველოში Fulbright-ის გრანტით იკვლევს მომხმარებელთა დამოკიდებულებას ქართული ღვინისადმი. პროექტის მთავარი მიზანია გაუწიოს დახმარება ქართული ღვინის საწარმოებს და მიაწოდოს მათ საერთაშორისო ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის სტრატეგიები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ მცხოვრებთა და ადგილობრივი ინდუსტრიის საჭიროებებს.

დასწრება თავისუფალია.

სამუშაო ენა: ინგლისური.