GE

ნატოს კვირეული კამპუსში

23 მარტი 2015

ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს - 4 აპრილს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ნატოს კვირეული.

კვირეული დაიწყება 27 მარტს და დასრულდება 4 აპრილს.

კვირეული კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიხსნება.

მონაწილეობის მსურველებმა 29 მარტამდე უნდა გამოგვიგზავნონ 500-დან 1000 სიტყვამდე მოცულობის ესსე თემაზე „NATO - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის".

29 მარტს შეირჩევა 15 საუკეთესო ესსეს ავტორი, რომელთათვისაც 30 მარტს მოეწყობა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან ბიუროს მუშაობას.

შერჩეული 15 საუკეთესო ავტორი 31 მარტს საკუთარ თემებს ჟიურის წინაშე სიტყვით გამოვა, მათგან შეირჩევა საუკეთესო ხუთი ორატორი, რომლებსაც 4 დღე საკუთარი გამოსვლისა და ესეს დასახვეწად. ნატოს კვირეული დასასრულს, ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 4 აპრილს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიხსნება NATO-ს აუდიტორია.

გახსნის ცერემონიას ესწრება ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონიის ფარგლებში საუკეთესო 5 სპიკერი წარსდგება მოწვეული სტუმრების წინაშე საკუთარი თემით.

საუკეთესო მონაწილეები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო პრიზებით და სერტიფიკატებით.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

29 მარტამდე გადმოაგზავნეთ თქვენი ესეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - FDC@Freeuni.edu.ge

„ნატოს ფუძემდებლური და ურყევი ამოცანაა მისი ყველა წევრის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით. ნატოს წევრი ქვეყნები ქმნიან ფასეულობების განსაკუთრებულ თანამეგობრობას, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ინდივიდუალური თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები".

საქართველო ესწრაფვის, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, რაც მას საშუალებას მისცემს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ასევე განიმტკიცოს კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება. საქართველო იზიარებს პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს მომავალი განვითარების გზა და ის ალიანსები, რომელთა წევრობაც სურს.