GE

ნიგალური - ჩვენებურების ქართული

28 ნოემბერი 2013

 

შესწავლის ისტორია

სახელწოდება „ჩვენებურების ქართული მეტყველება" აერთიანებს ა)ისტორიული საქართველოს _ ტაო-კლარჯეთის მკვიდრთა და ბ) ქართველ მუჰაჯირთა _ აჭარიდან და ჯავახეთიდან მიგრირებულთა (რომლებიც განსახლებული არიან მეტწილად თურქეთის შიდა რაიონებში) _ მეტყველებას.

თურქეთის ქართველთა მეტყველების ორივე განშტოება ხასიათდება არაერთგვაროვნებით. მუჰაჯირთა მეტყველებაში გამოიყოფა: მუჰაჯირული ზემოაჭარული, მუჰაჯირული ქვემოაჭარული, მუჰაჯირული ქობულეთური, მუჰაჯირული ჯავახური მეტყველებანი, ხოლო ისტორიული სამხრეთ საქართველოს მეტყველების დიალექტური ვარიაციულობა დაჩნდება ხეობათა მიხედვით. არის ტენდენცია დღევანდელი ვითარებით ტაო-კლარჯეთის ქართულ მეტყველებაში გამოიყოს ენობრივი ქვესისტემები: ტაოური _ ისტორიული ტაოს სოფლების ქართული მეტყველება, შავშურ-იმერხეული _ მდინარე იმერხევის აუზში შემავალი სოფლების მეტყველება, მაჭახლური _ ზედა მაჭახლის / მიჭიხიანის ხევის სოფლების მეტყველება და ნიგალური / ლივანური მეტყველება.
ნიგალი / ლიგანი / ლივანა, ფართო გაგებით, მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ლიგანის / ნიგალის ხევის სოფლებს, არამედ მურღულის ხევის, დევსქლის ხევის, ქლასკურის ხევის დასახლებებს, რომლებიც ადმინისტრაციულად ერთიანდებიან ართვინის ოლქში, ბორჩხისა (ისტ. ფორჩხა) და მურღულის რაიონებში. შესაბამისად, ნიგალური / ლიგანური აერთიანებს ამ უბნების მეტყველებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ხეობათა მეტყველებებს შორის მეტნაკლები სხვაობა აღინიშნება როგორც ფონეტიკურ-გრამატიკული, ისე ლექსიკური თავისებურებების მხრივ.

სახელწოდება ნიგალი ვახუშტისთან დასტურდება ლიგანის ფორმით, ხოლო ლივანედ / ლივანად იგი შეიცვალა ოსმალთა მიერ. აღსანიშნავია, რომ თავად ართვინსაც ლივანეს ეძახდნენ (ე. თაყაიშვილი) და ეს სახელი დღესაც იხმარება ხალხში.
ნიგალის ხევის შემადგენელი ნაწილია დღევანდელი აჭარის სოფლები: მარადიდი, კირნათი, მირვეთი და მაჭახლისპირი. სოფელი მარადიდი ორად არის გაყოფილი ქვედა მარადიდი აჭარაშია, ხოლო ზედა მარადიდი, თურქული სახელწოდებით მურათლი, თურქეთის მხარეს არის მოქცეული. კირნათ-მარადიდის მეტყველება (განსაკუთრებით, მარადიდისა), მიუხედავად აჭარულთან ასიმილირების პროცესისა, დღემდე ინარჩუნებს ნიგალისხეური მეტყველების თავისებურებებს.
სახელწოდება კლარჯეთი, ფართო გაგებით, ფარავს ნიგალს. მასში ერთიანდება საკუთრივ კლარჯეთი, ნიგალი, შავშეთი იმერხევით, მაჭახელი / მიჭიხიანი.

ნიგალური მეტყველების, ისევე როგორც საზოგადოდ „ჩვენებურების ქართული მეტყველების" დიალექტოლოგიურ სახეს, ორი ფაქტორი განაპირობებს: ამ კუთხის საქართველოსაგან ხანგრძლივი მოწყვეტით განპირობებული ფონეტიკურ-გრამატიკული და ლექსიკური არქაიზმები და თურქულ გარემოში ასევე ხანგრძლივი ცხოვრებით გაჩენილი უამრავი ლექსიკური ნასესხობა, კალკი. ისტორიული საქართველოს ქართულ მეტყველებაზე აღბეჭდილია ზანურთან მჭიდრო ურთიერთობის კვალი.
ნიგალური მეტყველების (თუ არ ჩავთვლით აჭარის ფარგლებში მოქცეული სოფლების კირნათ-მარადიდის მეტყველებას) ადრინდელი ჩანაწერები არ გაგვაჩნია. ამ მეტყველებას პირველად გავეცანით შ. ფუტკარაძის ნაშრომით „ჩვენებურების ქართული" (1993). შემდგომ წლებში კლარჯული მეტყველების მასალები ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს მ. ფაღავამ, მ. ცინცაძემ, ნ. სურმავამ.

2012, 2013 წელს პროექტის „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" მიხედვით ნიგალურ-კლარჯული მეტყველების ნიმუშები ჩაიწერეს ნარგიზა სურმავამ, მარინა ბერიძემ, ლია ბაკურაძემ. ტექსტები განთავსებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში". (ტექსტების ნახვა)

„ჩვენებურების ქართულის" ელექტრონული ლექსიკონი

პროექტის „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" მიხედვით შექმნილი „ჩვენებურების ქართულის" ელექტრონული ლექსიკონი დაყრდნობილია წყაროებზე: შ. ფუტკარაძე, „ჩვენებურების ქართული" ლექსიკონითურთ, მონოგრაფია „შავშეთზე" დართული მ. ფაღავას, მ. ცინცაძის, თ. შიოშვილის ლექსიკონი და ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილი „ნიგალურის სალექსიკონო მასალა".
„ჩვენებურების ქართულის" ელექტრონული ლექსიკონი შეადგინა ნარგიზა სურმავამ. აღსანიშნავია, რომ ლექსიკონში ინტეგრირებულია 2013 წელს თურქეთში სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ ჩაწერილი სალექსიკონო მასალა, რომელიც დაიბეჭდა კრებულში „სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში".

ამ ეტაპზე ლექსიკონში წარმოდგენილია 9514 სალექსიკონო ერთეული (ლემა).

ლექსიკონი ინტეგრირებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში" (შემოკლებით ქდკ, ავტორები: მ. ბერიძე, დ. ნადარაია).

ლექსიკონით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სპეციალისტებს, ასევე ენით დაინტერესებულ პირებს. 

ლექსიკონის გამოყენების წესი

ლექსიკონის ნახვა