GE

ნინო ქილარჯიანი ლეიდენის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი გახდა

14 თებერვალი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი და ლექტორი ნინო ქილარჯიანი ლეიდენის აზიის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი გახდა.
ნინოს კვლევის საგანი ეხება წარმოშობის ბუდჰისტურ ფილოსოფიას ვასუბანდჰუს „ლოკანირდეშაში“ („აბჰიდჰარმაკოშა და ბჰაშია“ ნაწილი მესამე).

"კვლევის მიზანია სამყაროსა და ინდივიდის წარმოშობის საკითხის შესწავლა ვასუბანდჰუს „აბჰიდჰარმაკოშას“ მესამე ნაწილში („ლოკანირდეშა“). ამ თავში ვასუბანდჰუ აღწერს ბუდჰისტურ კოსმოლოგიას, ცოცხალ არსებათა ტიპებს, მიზეზშედეგობრივი წარმოშობის თეორიას და სამყაროს არსებობის პერიოდებს, რომელთაც კალპები ეწოდება. მიზეზშედეგობრივი წარმოშობის თეორიას ორი ძირითადი დანიშნულება აქვს: ის გვიხსნის არსების სანსარაში კვლავწარმოშობის მექანიზმს და თავად არსებობის დასაბამს, ახალი კალპას დასაწსისს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუდჰისტური ფილოსოფია უპირისპირდება ინდური ფილოსოფიის ტრადიციულ მიდგომას წარმოშობის საკითხისადმი, აქაც იგივე ანალიტიკური ჩარჩოა გამოყენებული: ინდურ ფილოსოფიაში წარმოშობის პრობლემა განიხილება მიზეზობრიობის ფილოსოფიის ჭრილში. სამყაროს დასაბამის ლოგიკური მსჯელობით დადგენისათვის აუცილებელია მიზეზთა და შედეგთა ტიპების და მათი ურთიერთმიმართების დადგენა. ამგვარად, თეორიულად, უნდა იყოს შესაძლებელი პირველი არსის და მისი მიზეზის დადგენა. თუმცა, ასეთი სწორხაზოვანი მიზეზობრიობის გზით პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხერხდება: ყველა ასტიკა სკოლამ ინდურ ფილოსოფიაში საბოლოოდ პირველ მიზეზად აღიარა პირველი დაშვება, რომელიც აღარ დგინდება ლოგიკური მსჯელობის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ვასუბანდჰუ უპირიისპირდება ამ მიდგომას, ისიც მიზეზობრიობის ფილოსოფიის გზით ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას, ვინაიდან ინდურ ფილოსოფიაში უკვე საბოლოოდ გამჯდარია ის აზრი, რომ ნებისმიერი წარმოშობა ეს არის მიზეზისა და შედეგის, წარმომშობელისა და წარმოშობილის, ურთიერთმიმართების საკითხი. ვასუბანდჰუს ორგინალობა ვლინდება სწორედ იმაში, რომ იგივე ანალიტიკური ჩარჩოს გზით ის მიდის სრულიად ახალ ლოგიკურ დასკვნებამდე და ამასთანავე არ სცილდება ლოგიკური მსჯელობის საზღვრებს, შესაბამისად, უარყოფს პირველ დაშვებასაც.

მოცემულ კვლევაში ვასუბანდჰუს წარმოშობის ფილოსოფია განიხილება მიზეზობრიობის ფილოსოფიის ჭრილში. ინდური ფილოსოფიის საერთო დისკურსში უფრო ნათლად იკვეთება ის ძირითადი და ფუნდამენტური სხვაობა, რომელიც არსებობს ასტიკა სკოლებსა და ბუჰდისტურ, ამ შემთხვევაში ვასუბანდჰუს, ფილოსოფიას შორის.

აზიური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში ჩემი ყოფნის დროს, ვიმუშავებ შესაბამის სპეციალისტებთან დისერტაციის ზოგიერთი ნაწილის დახვეწასა და დასრულებაზე."