GE

ნინო ქილარჯიანმა დოქტურანტების სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

26 სექტემბერი 2016

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის დოქტურანტების სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტმა და ლექტორმა ნინო ქილარჯიანმა.
 
ნინომ წარადგინა საკუთარი სადოქტორო დისერტაციის "წარმოშობის ბუდჰისტური ფილოსოფია ვასუბანდჰუს "ლოკანირდეშაში" ("აბჰიდჰარმაკოშა და ბჰაშია", ნაწილი მესამე)" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევით ვიზიტს (2 თვე) ნიდერლანდებში, ქალაქ ლეიდენში, აზიური კვლევების საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტში (IIAS). პროექტის ხანგრძლივობა ორი სემესტრია.
 
სადისერტაციო ნაშრომში „წარმოშობის ბუდჰისტური ფილოსოფია ვასუბანდჰუს „ლოკანირდეშაში“ („აბჰიდჰარმაკოშა და ბჰაშია“, ნაწილი მესამე)“ ნინო ქილარჯიანი იკვლევს სამყაროსა და ინდივიდის წარმოშობის საკითხებს ინდური ბუდჰიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მეხუთე საუკუნეში მოღვაწე, ფილოსოფოსთან - ვასუბანდჰუსთან. ვასუბანდჰუს „აბჰიდჰარმაკოშა და ბჰაშია“ მაჰაიანას მიმართულების სკოლების უმრავლესობისთვის ფუძემდებლური ტექსტია და აბჰიდჰარმული ფილოსოფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. კოსმოგონიური საკითხები ინდოეთში ჯერ კიდევ ვედური ლიტერატურის შექმნის პერიოდიდან მჭიდროდაა გადაჭდობილი მიზეზობრიობის ფილოსოფიასთან, ბუდჰიზმშიც წარმოშობა განიხილება მიზეზისა და შედეგის ურთიერთმიმართების ჭრილში. ამიტომ, ანალიტიკურ ჩარჩოდ კვლევისათვის გამოყენებულია ინდური ფილოსოფიური სკოლების კაუზალობის ფილოსოფია. ინდური ფილოსოფიური დისკურსის ფონზე უფრო ნათლად იკვეთება ვასუბანდჰუს და ბუდჰისტური ფილოსოფიური აზრის არაორდინალური ხასიათი და ადგილი ინდურ ფილოსოფიაში.