GE

ნუცა ბათიაშვილი აკადემიური ვიზიტით Washington University in St. Louis-ში

02 ივნისი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი, ანთროპოლოგიის პროფესორი ნუცა ბათიაშვილი 6-თვიანი აკადემიური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონის უნივერსიტეტში (Washington University in St. Louis), სადაც ის ანთროპოლოგიის დეპარტამენტსა (Department of Anthropology) და ფსიქოლოგიისა და ტვინის მეცნიერებების დეპარტამენტთან (Psychological & Brain Sciences) თანამშრომლობით მუშაობს თავისუფალი უნივერსიტეტის ფარგლებში წამოწყებულ „შფოთის ანთროპოლოგიის“ პროექტზე.

ვიზიტის ფარგლებში ნუცამ წაიკითხა რამდენიმე მოხსენება. ვაშინგტონის უნივერსიტეტში ცალკე დისკუსია დაეთმო მის ახალ წიგნს „შფოთის ანთროპოლოგია პატარა ქვეყანაში“, რომლის გამოქვეყნებასაც პენსილვანიის უნივერსიტეტის გამომცემლობა (University of Pennsylvania Press) აპირებს. ანთროპოლოგიის დოქტორანტების ინიციატივით გამართული სემინარი დაეთმო სვანეთში მიმდინარე კვლევას.

ამავე პერიოდში, მაიამის უნივერსიტეტის მიწვევით (Miami University in Ohio) ნუცამ წაიკითხა საჯარო მოხსენება „შფოთი რუსეთის მიჯნაზე“. მაიამის უნივერსიტეტში ვიზიტი გლობალური და ინტერკულტურული კვლევების დეპარტამენტისა და ჰევიგჰერსტის ცენტრის სპონსორობით გაიმართა და გრეისონ კირკის გამორჩეული ლექციების სერიის ნაწილი იყო.

ფსიქოლოგიისა და ტვინის მეცნიერებების დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ნუცა მუშაობს ინტერდისციპლინურ, კოლაბორაციულ პროექტზე „მეხსიერება და შფოთი“. „მეხსიერება და შფოთის“ პროექტი ჯონ მაკდონელის ფონდის გრანტით არის დაფინანსებული და ნუცას ხელმძღვანელობით თავს უყრის ანთროპოლოგებს, სოციოლოგებს, ფსიქოლოგებს და ისტორიკოსებს. მაკდონელის გრანტით დაფინანსებული „მეხსიერების კვლევის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ცალკე სესია დაეთმო „მეხსირების და შფოთის“ თემას.

Nutsa Batiashvili