GE

ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ!

28 ივნისი 2015

IYNT 2015-ზე საქართველოს გუნდმა ოქროს მედლები აიღო! გუნდი ტურნირზე ცოდნის ფონდის თანადაფინანსებით გაემგზავრა.

ახალგაზრდა ბუნებისმეტყველთა საერთაშორისო ტურნირს, რომელიც სკოლის მოსწავლებისთვის ყოველ წელს ტარდება 19-25 ივნისს სერბეთის დედაქალაქმა, ბელგრადმა უმასპინძლა.

გუნდს ტრადიციულად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, გუგა მიქაბერიძე და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა საბაშვილი წვრთნიდნენ.

გუგა ასევე იყო ჯგუფის ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარე.

გუნდის შემადგენლობა: თომა რთველიაშვილი, გიგა ხიზანიშვილი, ნინო ქიმაძე, დიანა სოხაშვილი, გვანცა ცუცხაშვილი და მათე შარვაძე - ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42-ე საჯარო სკოლიდან, ვ. კომაროვის თბილისის №199-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან და ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლიდან - დაკომპლექტდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფინალში გასული 3 გუნდის (საქართველო, ჩინეთი, ხოევატია) საბოლოო შედეგები მინიმალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, წესდების მიხედვით სამივე გუნდს ოქროს მედლები გადაეცა.

ასეთი რამ ტურნირის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

შეჯიბრის დაწყებამდე მუშაობის პროცესი მოიცავს ექსპერიმენტების ჩატარებას, მასალის მოძიებას, თეორიული მოდელების შექმნას და ამ მოდელისა და ექსპერიმენტის შედარებას.

კვლევები უნდა დასრულდეს ტურნირის დაწყებამდე. უშუალოდ ტურნირის განმავლობაში მოსწავლეები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ საკუთარ ნაშრომებს.

ქართულმა გუნდმა ტურნირში ზედიზედ მესამედ მიიღო მინაწილეობა. პირველ ჯერზე ვერცხლის მედლები და მეორე ადგილი აიღეს, შარშან კი წლევანდელის მსგავსად მთავარი ჯილდო მოიპოვეს.

მწვრთელების გარდა მოსწავლეების მომზადებაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები.