GE

პრინციპები საჯარო ღონისძიენების შესახებ

17 ოქტომბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში განთავსებულია საქართველოს 2 ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განუხრელად უჭერს მხარს და უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას.

კამპუსში უნივერსიტეტების ორგანიზებით ხშირად იმართება საჯარო ლექციები, თუმცა, ასევე ხშირად სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებისა თუ ორგანიზაციების თხოვნის საფუძველზე, კამპუსი ასევე ისეთ საჯარო ლექციებს მასპინძლობს, რომლის ორგანიზატორი არც თავისუფალი და არც აგრარული უნივერსიტეტი არაა.

ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იხსნის შეხვედრის შინაარსზე და რიტორიკაზე, დამსწრეთა ვინაობასა და რაოდენობაზე, და ორგანიზატორებს მხოლოდ სივრცეს უთმობს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საჯარო ლექციების/შეხვედრების შინაარსი არ ეწინააღმდეგებოდეს უნივერსიტეტების ფუნდამენტურ ღირებულებებს და არ  შეიცავდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჭერ, ან ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მოწოდებას, სიძულვილის ენას, არ იყოს ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელი ან/და ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.  

უნივერსიტეტების ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ლექციის ორგანიზატორებს ან მოწვეულ სპიკერს ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრას და არ დაუთმოს სივრცე კამპუსში, თუკი ხედავს რისკს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები დაირღვევა.