GE

პროექტ “ფინანსური წიგნიერება სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება

29 მაისი 2015

28 მაისს პროექტ “ფინანსური წიგნიერება სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტს ახორციელებს „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“ GE CALLS-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორია „თავისუფალი უნივერსიტეტი“.

პროექტის ფარგლებში, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდმა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი დავით მარკოზაშვილი უძღვებოდა, მოამზადა საგანგებო კურიკულუმი, რომლის მიხედვით უნივერსიტეტის ექვსი მოხალისე სტუდენტი ხუთი თვის განმავლობაში რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მუშაობდა. თეორიული კურსის შემდგომ, მონაწილეები თორმეტ საპროექტო ჯგუფად დაიყვნენ და თითოეულმა საკუთარი ბიზნეს-იდეა შეიმუშავა, რომლებიც ფინალურ ღონისძიებაზე წარუდგინეს შემფასებელ საბჭოს „თავისუფალ უნივერსიტეტში“.

შემფასებელ საბჭოში შედიოდნენ ეროვნული ბანკის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL), „თავისუფალი უნივერსიტეტის“, „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტისა“ და PH International-ის წარმომადგენლები.

ღონისძიება ეროვნულ ბანკში გაგრძელდა, სადაც ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ბატონმა გიორგი ბაქრაძემ, GE CALLS-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თინათინ ებანოიძემ, „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ბატონმა თამაზ ახობაძემ და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კანცლერმა, ბატონმა ვატო ლეჟავამ პროექტის ყველა მონაწილე სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

დღის კულმინაცია კი გამარჯვებული ბიზნეს-იდეის გამოვლენა იყო. შემფასებელმა საბჭომ წარმოდგენილი თორმეტი პროექტიდან სამი შეარჩია. ასევე გამოვლინდა „ყველაზე კეთილშობილური პროექტი“. სამი გამარჯვებული გუნდი პროექტისგან მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნეს-იდეის განსახორციელებლად.