GE

ქართული ენა საზღვარგარეთ

28 ნოემბერი 2013

 

პროექტი „ქართული ენა საზღვარგარეთ _ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში" განხორციელდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ბაზაზე 2011-2014 წლებში. პროექტი დააფინანსა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგრანტო კონკურსის „ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ" ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელია „ცოდნის ფონდი".

პროექტის პრეისტორია

2010 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განხორციელდა პირველი სტუდენტური სამეცნიერო-შემეცნებითი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. იდეა ეკუთვნოდა კახა ბენდუქიძეს. ის ამ ექსპედიციას მოიაზრებდა ზოგადი განათლების იმ კომპონენტად, რომელსაც უნდა გაემყარებინა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ მიღებული თეორიული ცოდნა. ამავე დროს, ექსპედიციის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება ქართველოლოგიური მეცნიერებებით. ამიტომაც 2011 წელს ექსპედიციისთვის სტუდენტები სამეცნიერო ნაშრომების კონკურსით შეირჩა. ესეც ბატონი კახას იდეა იყო. თავად აქტიურად მონაწილეობდა ნაწერების შეფასებაში. მისივე ინიციატივით გამოიცა სტუდენტური ნაშრომების პირველი კრებული „სტუდენტური ექსპედიცია _ ტაო-კლარჯეთი 2011".
ყოველივე ამან განაპირობა ამ პროექტის იდეა, რომელიც არა თუ მოიწონა ბატონმა კახამ, არამედ თანადაფინანსება გადაწყვიტა. პროექტიც მისი აქტიური კონსულტაციებით დაიწერა. მიზნები და ექსპედიციების მასშტაბებიც გაიზარდა. რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებაც ლოგიკური იყო.
ამ პროექტს ჩვენ ვუძღვნით ბატონ კახა ბენდუქიძეს.

პროექტის მიზანი და ამოცანები

ქართველური ენები და მათი დიალექტები ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლებია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ენობრივი კუნძულები, რომლებიც ისტორიულად ჩამოყალიბდა და ჯერაც განაგრძობს არსებობას საქართველოს ფარგლებს გარეთ. პროექტის მიზანი იყო, ერთი მხრივ, თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში ლაზურისა და ქართული დიალექტების: ნიგალურ-კლარჯულის („ჩვენებურების ქართულის"), ფერეიდნულის , ინგილოურის თანამედროვე ტექნოლოგიებით დოკუმენტირება და შესწავლა, მეორე მხრივ, ისტორიულ სამშობლოსთან ენობრივი და კულტურული რეინტეგრაციისათვის ხელის შეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული ენობრივი ერთეულების მიხედვით შეიქმნა:
1. მეტყველების ნიმუშების ვიდეო (აუდიო) კოლექცია;
2. გაშიფრული ტექსტური კოლექცია;
3. ელექტრონული ლექსიკონები.

პროექტი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ კორპუსული ლინგვისტიკის მეთოდოლოგიით მოხდა მასალის ჩაწერა, გაშიფვრა-გაციფრება და „ქართულ დიალექტურ კორპუსში" (ავტორები: მ.ბერიძე, დ. ნადარაია) განთავსება.
პირველად შეიქმნა ლაზურის, ნიგალურ-კლარჯულის („ჩვენებურების ქართული"), ფერეიდნულის, ინგილოურის ელექტრონული ლექსიკონები.
პროექტი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ მას ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი დანიშნულებაც: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ სამეცნიერო ექსპედიციებში. ისინი ჩაერთვნენ დიალექტური მასალების მოპოვებისა და გაში¬ფვრა-არქივირების საქმეში. სტუდენტების აღნიშნული აქტივობა აისახა სამეცნიერო კრებულებსა და დოკუმენტურ ფილმებში, რომლებიც მათ მიერ ჩაწერილი და გადაღებული ვიდეომასალის საფუძველზე მომზადდა.

პროექტის შემსრულებლები

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი ლალი ეზუგბაია. მასთან ერთად ლაზურზე მუშაობდნენ თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები: სოფიო ბერულავა, მარინა ჯღარკავა, მანანა ბუკია.
პროექტში ქართულ დიალექტებზე მუშაობდნენ გამოცდილი დიალექტოლოგები, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მარინა ბერიძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომლები ლია ბაკურაძე და ნარგიზა სურმავა, ასევე ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომელი მაია ბარიხაშვილი. ამ ჯგუფმა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში წარმატებით განახორციელა პროექტი „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი. კორპუსი". კორპუსული ლინგვისტიკის მეთოდოლოგიით მათ მოამზადეს ფერეიდნული (მ. ბერიძე, ლ. ბაკურაძე), ინგილოური (მ. ბარიხაშვილი, მ. ბერიძე), ნიგალურ-კლარჯული (ნ. სურმავა) ლექსიკონები, რომლებიც ლაზურის ლექსიკონთან ერთად ინტეგრირებულია „ქართულ დიალექტურ კორპუსში".
ელექტრონული ლექსიკონების კონცეფციის ავტორია მარინა ბერიძე, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფა ეკუთვნის დავით ნადარაიას.