GE

რა არის პატრიოტიზმი?

12 მაისი 2021

Კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ფილოსოფოსები სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზებსა და აუცილებლობაზე. Პლატონი ფიქრობდა, რომ სახელმწიფო უსამართლობის თავიდან ასარიდებლად შეიქმნა, არისტოტელე წერდა, რომ სახელმწიფოს წარმოშობა ადამიანთა თანაცხოვრებისკენ მიდრეკილებამ განაპირობა, ჰობსი და ლოკი მიიჩნევდნენ, რომ მისი შექმნა სოციალური შეთანხმების შედეგი იყო. Სხვა ფილოსოფოსები მის წარმოშობას უკავშირებენ ომებსა (მაგ., დიურინგი) და ეკონომიკურ პროცესებს (ენგელსი და მარქსი). Განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად ამ თეორიათა უმრავლესობა უშვებს, რომ სახელმწიფოთა წარმოშობა მისი არსებობის ხელსაყრელობით იყო განპირობებული. Თუმცა, ცხადია, რომ დღეს სახელმწიფოს არსებობა და მასში ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება მხოლოდ სახელმწიფოს არსებობის ხელსაყრელობით აღარაა განპირობებული. Თანდათანობით ადამიანებს თავიანთი სახელმწიფოს მიმართ ჩამოუყალიბდათ ის დამოკიდებულება, რასაც პატრიოტიზმს ვუწოდებთ. Ადამიანებმა მოახდინეს იდენტიფიცირება იმ სახელმწიფოსთან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და გაუჩნდათ ერთგვარი მიკუთვნებულობის განცდა მის მიმართ. Ეს ემოციური კავშირი  ხშირ შემთხვევაში იმდენად ძლიერია, რომ ადამიანები მზად არიან თავიანთი სიცოცხლეც კი შესწირონ მას მსხვერპლად. 

 

Სწორედ ადამიანის სამშობლოს მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას უწოდებს პატრიოტიზმს ნიკოლო მაკიაველიც, რომლიც წერს, რომ გიყვარდეს სამშობლო ნიშნავს გინდოდეს საკუთარი სიკეთე, მათ შორის სიცოცხლეც კი გაიღო მისი თავისუფლების დასაცავად. Საინტერესოა, რომ ამგვარი დამოკიდებულება გარკვეულწილად თანხვედრაში მოდის უტილიტარიზმის ეთიკურ თეორიასთან, რომლის მიხედვით ქმედება მორალურია, თუ ის ახდენს სიკეთის მაქსიმიზებას. შესაბამისად, პატრიოტული სულისკვეთების მქონე ადამიანის მიზანს, როდესაც ის თავს სწირავს თავისი სამშობლოსთვის, სწორედ მის სახელმწიფოში მცხოვრები უამრავი ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. 

 

Კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი, რომელიც წერს პატრიოტიზმის შესახებ არის იოჰან გოტფრიდ ფონ ჰერდერი. Ის პატრიოტიზმის ცნებას აშორებს პოლიტიკას და წერს, რომ პატრიოტიზმი უპირველეს ყოვლისა ერის კულტურულ და სულიერ ერთიანობას უკავშირდება და ის პოლიტიკისგან თავისუფალია. Შიეძლება ითქავს, რომ პატრიოტიზმის სწორედ ამგვარ გაგებას მივყავართ ერთ-ერთ მნიშვენლოვან პრობლემასთან, რადგან ადამიანების მიერ იმ სახელმწიფოს იდეალიზაცია, რომელშიც ისინი ცხოვრებენ, ხშირად აჩენს სხვა სახელმწიფოებისადმი ორიენტალისტურ ან მტრულ დამოკიდებულებას, რამაც შესაძლოა სახელმწიფოები კონფლიქტამდე მიიყვანოს. 



Აღსანიშნავია, რომ Კოსმოპოლიტიზმის იდეოლოგია, რომლის მთავარი იდეაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები თანასწორები არიან და ისინი სინამდვილეში ერთ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, წინააღდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, განსაკუთრებით კი მის ექსტრემალურ გამოხატულებებთან. Კოსმოპოლიტიზმის იდეას, ისევე როგორც პატრიოტიზმის ისტორიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მის ნიშნებს ჯერ კიდევ ელინისტურ ხანაში სტოიციზმის სკოლის მიმდევრებთან ვხვდებით, რომელთა ეთიკის მიხედვით, ყველა ადამიანის ბუნება ნაწილია ერთი უნივერსალური ბუნებისა. Კოსმოპოლიტიზმის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი იყო იმანუელ კანტი. Ის თავის ნაშრომებში ძირითადად ყურადღებას ამახვილებს იურდიულ და პოლიტიკურ კოსმოპოლიტიზმზე. Თუმცა, ასევე კოსმოპოლიტური იდეალებს ადამიანის რაციონალურობისა და მორალურობის პერსპექტივიდანაც განიხილავს. კანტი წერდა, რომ ბუნებით მდგომარეობაში ყველა ადამიანი ნამდვილად ისწრაფვის კონფლიქტების წარმოქმნისკენ, მაგრამ მას ასევე სწამდა ადამიანის რაციონალურობის. Ის ფიქრობდა, რომ ყველა ადამიანი, როგორც რაციონალური არსება ერთი ზნეობრივი საზოგადოების წევრია, რასაც უნდა მიეცა მათთვის საშუალება, თავიდან აერიდებინათ კონფლიქტები. 

 

Როდესაც ვსაუბრობთ კანტის ხედვებზე კოსმოპოლიტიზმთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, ვახსენოთ მისი კატეგორიული იმპერატივებიც. Მესამე იმპერატივი (“Მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება”) თავისი შინაარსით ნათლად უპირისპირდება პატრიოტიზმის მოტივით ჩადენილ ისეთ ქმედებებს, რომლებიც სხვა ეროვნების ადამიანების არასამრთლიან მოპყრობას ასახავს. Აქ განსაკუთრებით მნიშვენლოვანია სიტყვა კაცობრიობაზე ხაზგასმა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ როდესაც საქმე ეხება მორალურ ქმედებას, ნაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის ეროვნება. Შესაბამისად, როდესაც პატრიოტიზმის მოტივით სხვა ადამიანებს იყენებ როგორც საშუალებას, ეს გაუმართლებელია. 

 

Ასე რომ პატრიოტიზმი წარმოადგენს უმრავი ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ემოციურ დამოკიდებულებას საკუთარი სამშობლის მიმართ, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პატრიოტიზმის მოტვით დავივწყოთ ისეთი მნიშვნელოვანი ღრებულებები როგორიცაა ადამიანთა თანსაწორობა, მორალი და სამართლიანობა.