რამდენად მორალურია თომიზმის ფუძემდებლის მცნებები
27 აპრილი 2021
სორბონის უნივერსიტეტის პატივცემული და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პროფესორი გადაწყვეტს მის თანამედროვეობაში აქტუალურ ევთიფრონის დილემაზე საკუთარი შეხედულების ვრცლად შემოთავაზებას და ბუნებითი სამართლის თეორიის შემუშავებას. ცხადია, გარდასულ საუკუნეთა სამართლებრივ, ფილოსოფიურ თუ თეოლოგიურ ნაშრომებთან სიახლოვიდან გამომდინარე ავტორი ხედავს მისეული სამართლის კატეგორიებად დაყოფის საჭიროებას. რასაკვირველია, ოთხივე ნაწილი (Eternal Law, Natural Law, Human law, Divine Law) ერთმანეთს ავსებს და განკუთვნილია ადამიანის დასახმარებლად, რათა მართებული ქმედებებიდან გამომდინარე ბედნიერად იცხოვროს საზოგადოებაში. თუმცა, არის კი ყოველი მცნება ურყევი, აკვინელის მიერ „აბსოლუტურად“ მოხსენიებული, უნდა ვენდოთ აპრიორად პირდაპირ დაწერილ წესებს? ვფიქრობ, ამის გასარკვევად საუკეთესო გამოსავალი ადამიანურ სამართლის კატეგორიასა და მასთან დაკავშირებულ კანონებზე საუბარი უნდა იყოს.
მაშ ასე, როდესაც თომა იწყებს ადამიანურ სამართალზე საუბარს, იგი მისგან გამომდინარეს ასახელებს როგორც „მეორეულ მცნებებს“. აქედან ჩნდება ორიენტირი რაღაც „პირველადის“ საძებნელად და მას ბუნებითი სამართლის მცნებებთან მივყავართ. აკვინელის ნაშრომში ბუნებითი სამართალი გამომდინარეობს მოტივებიდან, internal სპექტრიდან (Eternal Law) და მიჩნეულია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ სიტუაციაში (გარდა ოთხპუნქტიანი დაკმაყოფილების შემთხვევაში მისგან გადახვევის რაციონალურობისა) მორალურად მისაღები სწორედ ამ მცნებების თანახმად ქმედებაა. ეს ის სივრცეა, რომლის განხილვა არ არის საჭირო და მის რაციონალურობას უნდა ვენდოთ. ეს უკანასკნელი მახასიათებელი (ნდობა) კი მთავარი განმასხვავებელი გახლავთ ადამიანური სამართლისგან.
უშუალოდ Human Lawს თუ ჩავუღრმავდებით, ჩვენი როლის საჭიროებას, განსჯის აუცილებლობას შევამჩნევთ. რამდენადაც სისტემის ეს ნაწილი მთავრობის, გარკვეული დაჯგუფების, საზოგადოების თუ სხვა ამგვარი ერთობის მიერაა შემუშავებული, ამდენად მასზე ეჭვგარეშედ მიყოლა გონივრული ვერ გამოდგება. თომა აკვინელი გვთავაზობს საზომს არჩევანის გასაადვილებლად. თითქოს, საჭიროა შემთხვევის ფორმულაში ჩასმა: თუ ქმედება შესაბამისობაში მოდის ბუნებით სამართალთან, მაშასადამე მორალურად გამართლებულია, თუ ეწინააღმდეგება პირველად მცნებებს, გამოდის, არც მორალურია. მორალურად მიუღებელი წესების შესრულება კი თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩემი აზრით, აკვინელის ნაშრომში ამგვარი განსაზღვრება მეტად ნათელს ხდის ფილოსოფოსის აზრს, რომლის თანახმადაც ღმერთი არაფერს გვიბრძანებს, იგი უბრალოდ ცდილობს სწორი და მცდარი ვარიანტების ჩვენებას და გვანიჭებს თავისუფლებას მათ წინაშე, შემდგომი ნაბიჯები და, რა თქმა უნდა, შედეგიც ჩვენზეა დამოკიდებული (რითიც განვსხვავდებით სხვა არაცოცხალი ან თუნდაც ცოცხალი არსებებისან).
მეორე მხრივ, თუ დომინიკელთა ორდენის წევრს მივემხრობით, აუცილებლად რელიგიურ საკითხებამდე მივალთ, სადაც სუბიექტურობა, ეთნოცენტრიზმი და ევროპული „უპირატესობის ეგოს“ გადავეყრებით. მორალურობის დადგენაზე საუბრისას აკვინელი წინასწარ პირობად ასახელებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, რაც მისაღები არ გახლდათ აღმოსავლური რელიგიებისთვის, ამავდროულად, სრულ თეორიას ბუნებითი სამართლის შესახებ ის მოიაზრებს „ყოველი ადამიანისთვის“ გამართლებულად. ცხადია, ასეთი შეუსაბამობა არც გასაკვირია და მეტიც, თეორიის დასამკვიდრებლად ალბათ, საჭიროც იყო, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ამ კუთხით დაკვირვება მაშინდელი თეოლოგიისა და სამართლის განუყოფლობის ჭრილში. უკეთ თუ ვიტყვი, თეოლოგიასთან იყო სხვა ყველაფერი დაქვემდებარებული, სამართალი იქნებოდა ეს თუ ფილოსოფია.
დაბოლოს, მეცამეტე საუკუნის მოაზროვნეს თუ დავუჯერებთ, ადამიანის „თავისუფლად“ შერაცხვა შობს მის მოვალეობას, განსჯის, აზროვნებისა და უკვე არსებულზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ადამიანური სამართლის კატეგორიასთან აუცილებელია ჯერ მორალურობის ინდიკატორის ამოქმედება, შემდეგ კი ნაბიჯის გადადგმა.