რითი განისაზღვრება ადამიანის ბედნიერება?
09 აპრილი 2021
დასაწყისისთვის განვსაზღვროთ, რომ ბედნიერებასთან მიმართებით გვაქვს სამი ძირითადი თეორია: ჰედონისტური, სურვილის და ობიექტური სიის თეორია. თავის მხრივ, ეს სამი თეორია შეგვიძლია გავაერთინოთ ორ ჯგუფში: ბედნიერების ობიექტური გაგება და ბედნიერების სუბიექტური გაგება.
ჰედონისტური და სურვილის თეორია განამტკიცებს ბედნიერების სუბიექტურ გაგებას, რადგან ორივე თეორია ეფუძნება ბედნიერების, როგორც ინდივიდის სუბიექტური დამოკიდებულების კონცეფციას. კერძოდ, ჰედონისტური თეორია ბედნიერებას უკავშირებს სიამოვნების განცდას, ბედნიერი ცხოვრება კი ამ თეორიის ფარგლებში გულისხმობს სიამოვნების მაქსიმალიზებას, ხოლო ტკივილის შემცირებას. სურვილის თეორიის თანახმად კი ბედნიერება განისაზღვრება ადამიანის სურვილების დაკმაყოფილებით - ადამიანი ბედნიერია, თუ ის იღებს იმას, რაც მას უნდა.
მათგან განსხვავებით გვაქვს ობიექტური სიის თეორია, რომელიც უკავშირებს ბედნიერებას ობიექტურად ღირებულ სიკეთეებს. კერძოდ, ამ თეორიის თანახმად, გარკვეული ფაქტორები გვანიჭებენ სარგებელს და უზრუნველყოფენ ჩვენს კეთილდღეობას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ ჩვენ. ბედნიერებას მოიცავს ადამიანის ცხოვრება, რომელიც მიაღწევს ამ ღირებულ სიკეთეებს, როგორიცაა, მაგალითად, წარმატებული კარიერა, მეგობრები, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, განათლება, ოჯახი თუ სხვა.
არისტოტელეს მსჯელობაში ჩვენ ვხვდებით ბედნიერებას ობიექტური გაგებით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება მთელი დღეები სახლში იჯდეს, ტელევიზორს უყურებდეს და არაფერი აკეთოს. მას შეიძლება ეს უნდოდეს, მოსწონდეს კიდეც ასე ცხოვრება, მაგრამ ბედნიერების ობიექტური გაგებით და მათ შორის არისტოტელეს მსჯელობით, ეს არ ჩაითვლება ბედნიერ ცხოვრებად. ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ არისტოტელეს მსჯელობა ბედნიერებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, რა არის სიკეთე? არისტოტელეს თანახმად, ამის განსაზღვრა საკმაოდ მარტივია. მაგალითად, სიკეთეს წარმოადგენს მეგობრები, სიამოვნების განცდა, ჯანმრთელობა, მაგრამ პრობლემას ვაწყდებით მაშინ, როდესაც ვცდილობთ განვსაზღვროთ მათგან რომელიმე თუ არის უფრო სასურველი, ვიდრე მეორე. არისტოტელე ეძებს უმაღლეს სიკეთეს - მიაჩნია, რომ უმაღლესი სიკეთე ჩვენთვის სასურველია მხოლოდ მისივე არსის გამო, არ არის სასურველი სხვა სიკეთის მიღწევისათვის, არამედ პირიქით, ყველა სხვა სიკეთე სასურველია ჩვენთვის სწორედ უმაღლესი სიკეთის მიღწევისათვის.
არისტოტელეს თანახმად, ევდაიმონია არის სწორედ ასეთი სიკეთე. ევდაიმონიას ზუსტი და ერთხმად შეთანხმებული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა დაახლოებით შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც ბედნიერება თუ თვითრეალიზაცია. არავინ არ ცდილობს, რომ იყოს ბედნიერი სხვა სიკეთეების მისაღწევად, არამედ ბედნიერება არის უმაღლესი სიკეთე და ყველა სხვა სიკეთე, როგორიც არის, მაგალითად, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, ოჯახი თუ სხვა, წარმოადგენენ მიზნის მიღწევის საშუალებას. მაგალითად, სიმდიდრე ადამიანს ვერ გააბედნიერებს სრულად, რადგან სიმდიდრე არის სხვა სახის ბედნიერების მიღწევის საშუალება, მას არ გააჩნია უმაღლესი ღირებულება მაშინ, როდესაც ევდაიმონია არის უმაღლესი ღირებულების მქონე სიკეთე. მეორადი სიკეთეები არის სასურველი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელს უწყობენ ბედნიერებას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი არიან თავისი არსით ბედნიერება.
მაგრამ მაშინ, რა წარმოადგენს თავისი არსით ბედნიერებას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა დავსვათ საპასუხო კითხვა - რა არის ადამიანის დანიშნულება? ყველაფერს აქვს თანდაყოლილი დანიშნულება და ყველაფრის სრულყოფილება განისაზღვრება თავიანთი დანიშნულების სრულყოფაში. მაგალითად, ტელევიზორს აქვს თანდაყოლილი დანიშნულება, რომ ტელევიზორის მესაკუთრემ მისი მეშვეობით უყუროს სასურველ პროგრამებს. სრულყოფილი ტელევიზორი უზრუნველყოფს მესაკუთრეს სასურველი პროგრამებით ტექნიკური შეფერხებების გარეშე. შესაძლებელია ყველაფერი გამოყენებული იყოს სხვა დანიშნულებისთვის, ვიდრე მისი თანდაყოლილი დანიშნულებაა. მაგალითად, ტელევიზორი მესაკუთრემ შეიძლება გამოიყენოს როგორც მყარი ზედაპირი გარკვეული ნივთების დასადებად. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ბედნიერებაზე, როგორც უმაღლეს სიკეთეზე, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ თანდაყოლილ დანიშნულებებზე.
ყველა არსებას აქვს თანდაყოლილი დანიშნულება. არსება აღწევს ბედნიერებას, თუ ის ასრულებს საკუთარ თანდაყოლილ დანიშნულებას. რადგან ყველა არსებას აქვს დანიშნულება, გამოდის, რომ ყველა არსებას აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს ბედნიერებას. ამასთან, რადგან ყველაფერს აქვს თანდაყოლილი დანიშნულება, მსგავსად, თანდაყოლილი დანიშნულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებსაც. ადამიანის თანდაყოლილი დანიშნულება უნდა იყოს დაკავშირებული მახასიათებელთან, რომელიც სპეციფიკურად ადამიანებში გვხვდება. ადამიანთა ბედნიერება უნდა უკავშირდებოდეს ადამიანად ყოფნას, ხოლო რაც გამოარჩევს ადამიანებს სხვა არსებებისაგან არის რაციონალურობა. ამდენად, ადამიანები ევდაიმონიას ვაღწევთ არა ფიზიკური თუ სხვა სახის მახასიათებლებით, არამედ რაციონალური და კოგნიტური ელემენტებით.
იმისათვის, რომ თანდაყოლილი დანიშნულება მიღწეულად ჩავთვლოთ, უნდა მოხდეს ამ დანიშნულების სრულყოფა, როგორც ეს ტელევიზორის მაგალითში განვსაზღვრეთ. ეს მსჯელობა რომ მივმართოთ ადამიანებთან მიმართ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის თანდაყოლილი დანიშნულების ანუ რაციონალურობის რეალიზება ხდება ღირსების მეშვეობით. ოღონდ, ბედნიერება არ უტოლდება ღირსებას, არამედ ბედნიერება განისაზღვრება ღირსეული ქმედებებით. ჩვენ ვფიქრობთ ბედნიერებაზე უფრო როგორც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როდესაც ზოგადად გვაქვს შინაგანი თუ გარეგანი პოზიტიური დამოკიდებულება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ევდაიმონიაზე, ევდაიმონია არ არის მდგომარეობა, არამედ გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, კერძოდ, გულისხმობს მთელი ცხოვრების განმავლობაში ღირსეული ქმედებების განხორციელებას, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის რაციონალურობასთან.
ამასთან, არისტოტელე ევდაიმონიის მისაღწევად განსაზღვრავს დამატებით ფაქტორებს. კერძოდ, იმისათვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, საკმარისი არ არის რაციონალურობასთან შესაბამისობაში მყოფი ღირსეული ქმედებები. ასეთი ქმედებები ცალსახად საჭიროა, მაგრამ არ არის საკმარისი. ევდაიმონიის მისაღწევად დამატებით ადამიანი უნდა ფლობდეს სხვა სიკეთეებსაც, როგორიც არის მაგალითად, კარგი მეგობრები, სიმდიდრე, ჯანმრთელობა თუ ოჯახი. ამდენად, ღირსეული ქმედებების მიუხედავად, ადამიანის ბედნიერება განადგურების პირასაა, თუ მას აკლია კონკრეტული სიკეთეები, თუ მაგალითად, დაეღუპა შვილი ან მეგობარი. მაგრამ რატომ? თუ ვამბობთ, რომ ევდაიმონია არის უმაღლესი სიკეთე და ყველა სხვა სიკეთე მასთან მიმართებით არის მეორეხარისხოვანი, მაშინ რატომ უნდა იყოს ევდაიმონიის მიღწევა ამ სიკეთეებზე დამოკიდებული? შეიძლება ისინი ხელს უწყობდნენ, რომ მაგალითად, ადამიანი უფრო ბედნიერი იყოს, მაგრამ ცალსახად, რატომ უნდა განაპირობდნენ ამ ბედნიერების არსებობას? რატომ უნდა ახდენდეს ადამიანის ბედნიერებაზე გავლენას ასეთი სიკეთეების ნაკლებობა?
ამდენად, ევდაიმონია, როგორც უმაღლესი ღირებულება, მოითხოვს ადამიანებისაგან არა მხოლოდ თავისი დანიშნულების შესრულებას ანუ რაციონალურობასთან შესაბამისობაში მყოფ ღირსეულ ქმედებას, არამედ გარკვეულწილად იღბალსაც. ჩვენი იღბალი განაპირობებს, თუ რამდენად შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და ამდენად მივაღწიოთ ევდაიმონიას.
ამის საპასუხოდ არისტოტელეს თანახმად, ღირსეული ქმედება იქნება შემცირებული ან დეფექტური, თუ ადამიანს აკლია სხვა სიკეთეები. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც არ ყავს მეგობრები, რომელიც არ არის ჯანმრთელი, არ ექნება შესაძლებლობა, რომ ჩაიდინოს ისეთივე ღირსეული ქმედებები მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორიც მაგალითად შეუძლია ამ სიკეეთების მფლობელ ადამიანს. თუმცა, რამდენად შეგვიძლია გავამართლოთ ამ არგუმენტით ამ დატებითი ფაქტორების არსებობის აუცილებლობა? შეიძლება ის კითხვაც კი გაჩნდეს, რომ თუ ევდაიმონია არის ადამიანის მიზანი და თუ ადამიანის ღირსეული ქმედება ამ მიზნის მიღწევაში არ გვეხმარება, მაშინ რატომ უნდა მოიქცეს ღირსეულად ადამიანი, რომელსაც მაგალითად სხვა სიკეთეები დაკარგული აქვს?