როცა სურვილი მოვალეობას ხვდება
19 აპრილი 2021
ადამიანის მოქმედებები უმეტესად მისი სურვილით, ღირებულებებითა თუ მორალით განისაზღვრება. კანტისეული სურვილის განმარტება სუბიექტის ძალაუფლების თვითგამორკვევაა. მომავალში რაიმეს წარმოდგენა, როგორც ამ წარმოდგენის ეფექტი. კანტი საკუთარ ნაშრომებში სვამს კითხვას - თუ სურვილები არ გვიბიძგებს ვიმოქმედოთ, მაშინ რა არის სწორი? ამ კითხვას კი თავადვე პასუხობს. კანტის აზრით, კეთილი ნება გვიბიძგებს მოქმედებისკენ. კეთილი ნება კი თავის მხრივ მოვალეობასთანაა დაკავშირებული და სწორედ ეს უკანასკნელი გვიბიძგებს კეთილი ნების შესრულებისკენ. ვფიქრობ, მოვალეობა თავის მხრივ მორალთანაცაა დაკაშირებული. მოვალეობას უნდა ჰქონდეს მორალური ღირებულებაც. კანტს საკუთარ ნაშრომში შემდეგნაირი მაგალითი მოჰყავს: წარმოიდგინეთ ქუჩაში მეგობართად ერთად მიდიხართ. ამ დროს ჩაუარეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს. თქვენმა მეგობარმა დაიწყო ტირილი და თან საფულის ძებნა. ის აძლევს თანხას უსახლკარო ადამიანს და თქვენ გეუბნებათ, რომ ასეთი ღარიბი და უსახლკარო ხალხის მიმართ თანაგრძნობის განცდა აქვს, სწორედ ამიტომ უნდა დაეხმაროს მათ. კანტისთვის თქვენი მეგობრის საქციელს არანაირი მორალური ღირებულება არ აქვს, რადგან მისთვის ფულის მიცემა მხოლოდ თანაგრძნობამ გამოიწვია და არა მოვალეობამ. რა თქმა უნდა, მეგობრის საქციელი ძალიან დასაფასებელია, თუმცა, როგორც კანტი გვეუბნება, მას არ აქვს მორალური ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი იმოქმედონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, მათი მოქმედებები უნდა იყოს გამოწვეული კაცობრიობის წინაშე მათი მოვალეობით, გამართლებული უნდა იყოს მორალურად. ეს ნიშნავს, რომ იდეა შეიძლება გამოაშკარავდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველას მიმართავს. ამ თემაზე მარტივი მაგალითი განვიხილოთ ტესტის გადაწერასთან დაკავშირებით. კანტის მიხედვით, გადაწერა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მორალურად გამართლებული, თუ ყველა სტუდენტის მხრიდანაა გამართლებული ამგვარი ქცევა. საპირისპიროდ კი, გადაწერა რომ გამართლებული იყოს განადგურდება ნდობა, რაც გამოიწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაშლას. საბოლოოდ, კანტიც ამტკიცებს, რომ ზემოთ მოყვანილი მარტივი მაგალითიდანაც ჩანს, რომ ტესტის გადაწერა ამორალურია, რასაც უამრავი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მორალი იდგა არა სურვილის საწინააღმდეგოდ, არამედ მის უკან. რა მოხდება, თუ მორალი რეალურად ყველაზე ღრმა, ნამდვილ სურვილებზე ყურადღების მიქცევის პროცესი იყო? ამ შეკითხვას იკვლევენ ფილოსოფოსები. ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მორალის ტრადიციული წარმოდგენები უგულებელყოფს „მორალური სურვილების“ როლს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად რთულია დაუფიქრებლად განასხვავო ჩვეულებრივი სურვილი და მორალური სურვილი, ვფიქრობ, ჩვენი მორალური სურვილები სწორედ ის სურვილებია, რომლებიც გვაიძულებს ვიმოქმედოდ სწორად, სწორი მიზეზებით. კანტიც ამბობდა, რომ ადამიანმა მხოლოდ იმ წესის მიხედვით უნდა იმოქმედოს, რომელსაც, რომ შეეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდა. ვფიქრობ, ლოგიკური იქნება ამ მსჯელობების შემდეგ ადამიანმა დასვას შეკითხვა - რატომ უნდა ვიყო კარგი? რატომ უნდა მოვიქცე და ვიცხოვრო სიკეთით? ზნეობრივი ფილოსოფიის ერთ-ერთი საზრუნავი სწორედ მსგავსი კითხვებია. ვფიქრობ, ადამიანები თუ ნამდვილად ეცდებიან საკუთარი სურვილების ღრმად გაგებას, ამაზე პასუხსაც იპოვიან. ასევე ძალიან საინტერესოა მორალური წესები. კანტი ფიქრობს, რომ მორალი სურვილებისგან სრულიად ცალკე მდგომია, რადგან მორალური ვალდებულებები უნივერსალურია. მაგრამ მორალის შესახებ სურვილზე დაფუძნებული შეხედულების ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ობიექტურ ზნეობრივ წესებზე. შეიძლებ არსებობდეს ობიექტური მორალური კანონი და ჩვენი ზნეობრივი სურვილების ასრულების საუკეთესო გზა იყოს ამ კანონის დაცვა.
საბოლოოდ, მინდა განვიხილო მორალურ სურვილებსა და მორალურ კანონს შორის კავშირი. ვფიქრობ, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ობიექტური მორალური სიმართლე, რასაც თანდათან ვეცნობით. მაგალითად - „არ მიაყენო სხვას ზიანი“, „დაეხმარე გაჭირვებულებს“ და სხვა. ადამიანთა უმეტესობას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია. ვფიქრობ, ადამიანები უბრალოდ უნდა გავერკვეთ და დავადგინოთ სინამდვილეში რა არის სწორი, ამის შემდეგ კი მივხვდებით თუ როგორ უნდა შევასრულოთ ჩვენი სურვილები.