სად გადის თანასწორობის საზღვარი
19 აპრილი 2021
„ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“ - ალბათ ყველას გვსმენია აწ უკვე გაცვეთილი ეს ფრაზა, იმდენად ხშირად გაგონილი ან წარმოთქმული, რომ ხანდახან მის შინაარს წესიერად ვეღარც კი ვიაზრებთ. სინამდვილეში, კაცობრიობამ განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ამ სიტყვების წარმოთქმა თამამად შეგვძლებოდა. სოციალური სამართლიანობის მიღწევაზე მსჯელობისას არაერთი ფილოსოფოსის გვერდით შეუძლებელია არ ვახსენოთ ჯონ როულზი. კონტრფაქტებით აღსავსე სამყაროში, თუ კი არ იარსებებდა მის მიერ შექმნილი „სამართლიანობის თეორია“, მის ადგილს რაღაც სხვა ალბათ მართლაც დაიკავებდა, თუმცა უდავოა, რომ ეს მნიშვნელოვანი ადგილი დღეს უკავია ჯონ როუზს.
„სამართლიანობის თეორია“ რაღაც მხრივ იყო გამოძახილი პრობლემების შესახებ, რომელიც დღის შუქზე შავკანიანთა მოძრაობის გააქტიურებისა და მათ მიერ სამოქალაქო უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლის წამოწყების შემდგომ გამოვიდა, მას შემდეგ რაც პრესამ სიღატაკის პრობლემების განხილვა დაუფარავად დაიწყო. ამ პრობლემზე პასუხი უნდა გაეცა იდეას სოციალური სამართლიანობის შესახებ. თეორიას, რომელიც იქცეოდა მთავრობისთვის ერთგვარ რეკომენდაციად. მასვე უნდა ეკარნახა არა მხოლოდ თავისუფლების წინ წამოწევისთვის საჭირო გადაწყვეტილებები, არამედ ქმედებებიც, რომელიც უშუალოდ იზრუნებდა სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობაზე, მოქალაქეების თავისუფლებაზე, ამა თუ იმ პოსტზე დანიშვნის თანაბარ უფლებაზე, თანაბარი ანაზღაურებაზე და ასე შემდეგ.
როულზი სვამს მთავარ კითხვას, საერთოდ რაში მდგომარეობს სამართლიანობის პრობლემა? ეს არის პრობლემა, რომელიც მდგომარეობს იმის გადაწყვეტაში როგორ უნდა განაწილდეს ადამიანთა თანამშრომლობის ნაყოფი ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. მაგალითად განაწილების რომელი სქემა უფრო სამართლიანი იქნება: ყველას მოთხოვნის მიხედვით თუ ყველას უნარის მიხედვით. თუ ჩავთვლით რომ კაცობრიობის არსებობის საუკეთესო ვარიანტი თანამშრომლობას ეფუძნება, მაშინ უნდა ჩავთვალოთ ისიც რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საერთო შეთანხმების არსებობა. იმისთვის, რომ შეთანხმება იყოს სამართლიანი, იგი მიღწეული უნდა იყოს სამართლიანი პირობების საფუძველზე. მაშასადამე სამართლიანობის მისაღწევად თურმე საჭიროა სამართლიანობის პირობების განსაზღვრა. სამართლიანობის საწყისი პოზიციის, საწყისი პირობების განსასაზღვრად კი როულზი იყენებს „რეფლექსური წონასწორობის“ მეთოდს. მორალური რეფლექსის პროცესში ჩვენ დასკვნები უშუალოდ კონკრეტულ ქმედებასთან ან მოვლენასთან დაკავშირებით გამოგვაქვს, ვუტარებთ თითოეულ დასკვნას ერთგვარ გონებრივ ექპერტიზას და მათი საშუალებით ვადგენთ ზოგად პრინციპებს. შემდგომ ვუბრუნდებით ცალკეულ დასკვნებს და ვცდილობთ უკვე უშუალოდ დასკვნების ზოგად მორალთან, ზოგად თეორიასთან შესაბამისობის დადგენას. ასე ვივლით წინ, უკან, კონკრეტულ, ცალკეულ დასკვნებსა და ზოგად პრინციპებს შორის მანამ, სანამ არ მივაღწევთ წერტილს, როცა აღარაფრის შეცვლა აღარ დაგვჭირდება. წერტილს, რომელიც სამართლიანობის და წონასწორობის პრინციპის შესაბამისი იქნება. ამ წერტილს ვუწოდებთ „რეფლექსური წონასწორობის წერტილს“. „სამართლის თეორიაში“ ათვლის წერტილად გვევლინება ინტუიცია, რომ აბსოლუტურად ყველა ინდივიდი უნდა განიხილებოდეს, როგორც თანასწორი და თავისუფალი. ადამიანი მიიჩნევა ავტონომიურ არსებად და პირველ რიგში უმაღლეს ფასეულობად. არა უმრავლესობა, არა საერთო სიკეთე ან უმაღლესი სარგებლიანობა, არამედ მხოლოდ ერთი არსება, ერთი ადამიანი. სამართლიანობის ეს პრინციპი უდევს როულზის მთელს მსჯელობას საფუძვლად.
იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების თითოეულ წევრს სურს რომ მოეპყრას ერთმანეთს თანასწორობის საფუძველზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრობლემის გადაჭრა: რამდენიც არ უნდა ვისაურბოთ თანასწორობაზე სინამდვილეში ხომ არცერთი ადამიანი არ განიხილავს თანაბრად საკუთარ და სხვის ცხოვრებას. ჩვენს გარშემო ხომ მაინც არსებობს პრივილეგიები, ეკონომიკური და კულტურული კაპიტალები, ნაკლები და უპირატესობები. როულზს ამ პრობლემის გადასაჭრელად შემოაქვს „უმეცრების საბურველის“ ცნება. მისივე განმარტებით ეს არის მდგომარეობა, რომლის პირობებშიც ინდივიდები არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას მათ გარშემო მყოფი ადამიანების ნაკლოვანებების და უპირატესობების შესახებ. არაფერი იციან მათ თანამდებობებზე, შემოსავლებზე, პრივილეგიებსა თუ მიღწევებზე. ამიტომ როულზი აღნიშნავს, რომ ის რაზეც „უმეცრების საბურველში“ გახვეული ადამიანები შეთანხმდებიან, აუცილებლად იქნება მიუკერძოებელი პრინციპები, რომლებსაც თამამად ვუწოდებთ სამართლიანს. მიუხედავად იმისა, რომ „უმეცრების საბურველი“ ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობაა, მისი გამოცდა რეალურ პირობებშიც შესაძლებელია. შესაძლებელზე მეტად აუცილებელიც კი იმ შემთხვევაში თუ გვსურს პრინციპი იქნას აღიარებული სამართლიანად. თუმცა ამის საფუძველზე ჩნდება მორიგი საკმაოდ ლოგიკური კითხვა: თუ „უმეცრების საბურველში“ მყოფ ინდივიდებს არ აქვთ არანაირი წარმოდგენა მათ გარშემო არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ, მაშინ საიდან მომდინარეობს მათი მიზნები სამართლიან პრინციპზე შეთანხმების შესახებ. ამის მიზეზად როულზი ასახელებს „პირველადი სიკეთეების“ არსებობას. განმარტავს, რომ ისეთი სიკეთეების არსებობა როგორებიცაა: ჭკუა, ენერგია, ჯანმრთელობა და წარმოსახვის უნარი, ნებისმიერი ინდივიდის საზოგადოებაში არსებობის ძირითადი პირობაა. სწორედ თითოეულ ჩვენგანში არსებული ამ პირვანდელი სიკეთეების მაქსიმიზაციის პირობებშია შესაძლებელი „უმეცრების საბურველში“ სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება, მაშინაც კი როცა ზოგადი ინფორმაცია სოციალური მდგომარეობის შესახებ არ არსებობს.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ როულზისთვის თანასწორობის საზღვარი საზოგადოების წევრების სამართლიანად თანამშრომლობის საფუძველზე გადის. მას სჯეროდა რომ თანასწორობის მისაღწევად თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს მეტად დეფიციტური კეთილდღეობის განაწილებას და არც თუ ისე იშვიათი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების „სამართლიან საბაზისო წესრიგად“ გარდაქმნას. თანასწორობის მთავარი პრინციპი ხომ სამართლიანობის ისეთი უნივერსალური იდეების და პრინციპების ჩამოყალიბებაა, რომლებიც განურჩევლად, თანაბრად ყველასათვის მისაღები იქნება. სხვა თუ არაფერი თანამედროვე დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნიშანიც სწორედ ეს არის: მიაჩნდეთ ინდივიდებს თავი თანასწორ და თავისუფალ მოქალაქეებად. ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ - ჩვენ როგორ საზოგადოებაში გვსურს ცხოვრება...