GE

საჯარო დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების თაობაზე

02 დეკემბერი 2015

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და Human Dynamics-ის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა" ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საჯარო დისკუსიების სერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი და აქტუალური გადაწყვეტილებების ფართო პროფესიული განხილვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები, კანონმდებლები, მკვლევარები და სტუდენტები. 

დისკუსიის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა როგორც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილებას „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", აგრეთვე ფართო კონტექსტს ამ გადაწყვეტილების ძირითადი საკითხებისა როგორიცაა, ადამიანის პიროვნული თავისუფლების ფარგლები, სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების პრინციპული კონსტიტუციური შეზღუდვები, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შექმნის დისკრეციის შეზღუდვა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებებით, აღნიშნული შეზღუდვების ასახვა ნათელ და განჭვრეტად კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტებში და ამ სტანდარტების პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივები როგორც საკანონმდებლო ასევე სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. 

დისკუსია გაიმართება 9 დეკემბერს, 18:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში (მისამართი: რუსთაველის გამზირი 13). 

დისკუსიის მონაწილეები: 

ქეთევან ერემაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

გიორგი ბურჯანაძე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი

თამარ ლალიაშვილი, პროფესორი, სამართლის დოქტორი

მოდერატორი - დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი

დისკუსიაში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 8 დეკემბრის 15:00 საათამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

საჯარო დისკუსია იმართება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში. კვირეულის ორგანიზატორები არიან:

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.