საკონსტიტუციო სარჩელის პრეზენტაცია
06 დეკემბერი 2023
2023 წლის 7 დეკემბერს 17:00 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში მართავს სამართლის სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის პრეზენტაციას.
საკონსტიტუციო სარჩელი მიზნად ისახავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, რომლითაც იზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა კანონში მითითებული კონკრეტული შემთხვევების გარდა. სარჩელში გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომელთა გვარებიც საბჭოთა კავშირის ოკუპაციის პერიოდში შეიცვალა არაავთენტური გვარებით, ახლა კი კანონმდებლობა მათ არ აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნონ ეროვნული უმცირესობებისთვის ავთენტური გვარები. მოსარჩელეები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამის“ წევრები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მეორე წელია აწარმოებენ კამპანიას „გვარი დამიბრუნე“.
საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მარიამ სვანიძე, მარი ჯიქიძე, ნატა წნორიაშვილი, ნიკა ბაქრაძე, თამარ ტყეშელაშვილი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ლუკა ტაკიძე და ანა პაიჭაძე. სარჩელის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ ვასილ ჟიჟიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ზურაბ კვირკვაია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
საკონსტიტუციო სარჩელის პრეზენტაციას გაუძღვებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამის“ გამგეობის წევრი აიჰან ჰასანლი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მარიამ სვანიძე და თამარ ტყეშელაშვილი, ხოლო მოდერაციას განახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვასილ ჟიჟიაშვილი.
პრეზენტაცია ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში, აუდიტორია #200.
დასწრება თავისუფალია.