საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის და TDI-ის ორი სარჩელი დააკმაყოფილა
04 ივლისი 2018
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა.
ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორის გიორგი მშვენიერაძის ხელმძღვანელობით) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენდნენ.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს მხოლოდ საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი). სადაო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს საპატრიარქოს და მას უქმნიდა მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ითვალისწინებს.
"ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი." - ვკითხულობთ სასამართლოს განცხადებაში.